მიხეილ სააკაშვილი

მელია: 11 ნოემბერს, 14:00-ზე ვაჟა ფშაველას ძეგლთან ოპოზიციის აქცია გაიმართება

ნიკა მელია
ტაბულა

11 ნოემბერს, 14:00-ზე, ვაჟა ფშაველას ძეგლთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მან თქვა, რომ 10 ნოემბრის აქციებზე დაკავებულ 46 პირს შორის არიან საკრებულოს დეპუტატები, პოლიტიკოსები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები.

"ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქციები, საპროტესტო მოძრაობა შენელდება, პირიქით, ყოველდღე გაიზრდება და გაიზრდება. ჩვენ გავტეხავთ მშვიდობიანი, უწყვეტი, თანმიმდევრული, დისციპლინირებული აქციებით ამ რეჟიმს.

სწორედ ამიტომ, მინდა, დავაანონსო მორიგი აქცია, ხვალ, 14:00-ზე, ვაჟა ფშაველას ძეგლთან, მეტრო სადგურ ვაჟა ფშაველასთან გაიმართება აქცია და ველოდებით ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელარუსს, დიახაც, დღეს იყო კალკით გადმოტანის მცდელობა იმ ყველაფრისა, რასაც სჩადის პუტინი და ლუკაშენკო თავისი მოქალაქეების წინაღმდეგ, არაფერი განსხვავებული ჩვენ დღეს არ ვიხილეთ - განაცხადა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ "ასეთი აქციები გაიმართება ყოველდღე".

"დიახაც, არც მეტი და არც ნაკლები, ყოველდღე, მანამ, სანამ ეს რეჟიმი არ გატყდება და ამ რეჟიმს მრავალრიცხოვნებით, სიმტკიცით და სიმშვიდით აუცილებლად გავტეხავღ. არ დაიხევს უკან არავინ, დააკავეთ 46 ადამიანი? ხომ არ გადავიწყდათ, რომ 100 000-ობით, მილიონზე მეტი აქტიური მოწინააღმდეგე ჰყავს რეჟიმს, ამიტომ ეს რეჟიმი განწირულია მარცხისთვის, არის ახლა სიმტკიცე, ნებისყოფა და სიმშვიდე საჭირო, დროის საკითხია მხოლოდ ამ რეჟიმის დამარცხება" - განაცხადა მელიამ.


მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 7 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამავე მოთხოვნით ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები