მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მიხეილ სააკაშვილის დევნა და ავტორიტარიზმის საფრთხე – TDI-ის შეფასება

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მომხდარი მოვლენების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური წონასწორობა ავტორიტარიზმისკენ გადაიხარა.

"პრემიერმინისტრის მიერ უმცირესობათა უფლებების დაცვაზე ღია და აშკარა უარმა, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობამ, გამომჟღავნებულმა ტოტალურმა თვალთვალმა და მიყურადებამ, უკიდურესად ძალადობრივმა და უთანასწორო საარჩევნო გარემომ, ნებისმიერი განსხვავებული ჯგუფისა და პოლიტიკური ოპონენტისადმი სიძულვილისა და მტრობის ინტენსიურმა გაღვივებამ, ხელისუფლების მხრიდან დიალოგის შესაძლებლობათა უგულებელყოფამ და სასამართლო რეფორმის სრულმა კრახმა გვიჩვენა, რომ ქართული ოცნების მმართველობის გამოხატულებად და დღის წესრიგად იქცა დემოკრატიისა და დასავლური ინტეგრაციისგან უკუსვლა.

ამ ფონზე, ისედაც უკიდურესად დაძაბულ გარემოს კიდევ უფრო ამწვავებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა. ჩვენთვის აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა. ამის თქმის საფუძველს იძლევა მმართველი პარტიის ხელმძღვანელების შეუფარავი განცხადებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც, მათი მხრიდან, სწორედ პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ გვიქმნიან წამოდგენას. ამის შესახებ კრიტიკულ კონტექსტში საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველი". – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციას განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მხრიდან ვითარების მიზანმიმართული გამწვავება, მიხეილ სააკაშვილისთვის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარის თქმა, იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომლის თანახმად, სააკაშვილის სასამართლო პროცესი საპატიმროშივე უნდა გაიმართოს, მის წინააღმდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩადენილი მძიმე უფლებადარღვევები, შემზარავი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და სავარაუდო ძალადობა, დიდ ბარიერს აღმართავს ყველა მცდელობის წინაშე, დავუბრუნდეთ მშვიდ პოლიტიკურ გარემოს.

"დღეს კრიტიკულად აუცილებელია, როგორც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, მისი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შეწყვეტა, ასევე სახელმწიფოს გადარჩენა დემოკრატიის დასამარებისა და ავტორიტარიზმისგან". – ვკითხულობთ განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 7 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამავე მოთხოვნით ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები