მიხეილ სააკაშვილის დაკავება

SJC და საია: სააკაშვილის გადაყვანა პატიმრებისგან არასათანადო მოპყრობის საფრთხეს ქმნის

Georgian Journal

SJC (სოციალური სამართლიანობის ცენტრი) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას ეხმაურებიან. ორგანიზაციების შეფასებით, პროცესი ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითადი უფლებების - სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს და არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ვითარების ესკალაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის დამატებით საფრთხეებს აჩენს.        

"მოშიმშილე პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა, როდესაც არსებობს სამედიცინო ჩვენება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადასაყვანად, არ შეიძლება შეიზღუდოს დაუსაბუთებელი და აბსტრაქტული საფრთხის პრინციპზე დაყრდნობით. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ეს რისკები თავად მსჯავრდებულის უსაფრთხოებას არ მიემართება, არამედ მისი მიმალვის აღკვეთის, სასჯელის აღსრულების თუ სხვა მიზანს/ინტერესებს აყენებს წინ ვიდრე, ადამიანის სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის დაცვას. უფრო მეტიც, ის რისკები, რომელიც შესაძლებელია მსჯავრდებულის კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძვლად იყოს დანახული, სწორედ გლდანის N18 დაწესებულებასთან კავშირში ჩნდება. ამაზე უთითებდა თავად მსჯავრდებულიც და მისი ადვოკატებიც და შესაბამისად, სრულიად გაუმართლებელია მისი სწორედ პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსება. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ პენიტენციურ სისტემაზე მომზადებულ არაერთ ანგარიშშია გამოთქმული შეშფოთება საპატიმროებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ მათი არაფორმალური მმართველობისთვის გამოყენება/ხელშეწყობასთან დაკავშირებით. პენიტენციალურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის გაზრდილი გავლენები საფრთხეს უქმნის პატიმრების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობას და გასათვალისწინებელია ისიც, კრიმინალური სუბკულტურისა და პენიტენციალური დაწესებულების თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პროკურატურა, როგორც წესი, ეფექტიანად არ რეაგირებს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის, N18 სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნა მის მიმართ თავად სხვა პატიმართა მხრიდან წარმოშობს როგორც ფიზიკური, ისე, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არასათანადო მოპყრობის რეალურ საფრთხეს. ამ საფრთხეების არსებობა უკვე დადასტურდა 2021 წლის 08 ნოემბრის საღამოს მედიით გავრცელებული კადრებით, რომლებშიც ნათლად ჩანს N18 დაწესებულების პატიმართა ნაწილის აგრესიული შეძახილები მიხეილ სააკაშვილის მიმართ". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დამატებით გასათვალისწინებელია ის ზოგადი პოლიტიკური ფონი, რაც ამ მოვლენებს ახლავს თან. როგორც საერთო განცხადებაში ვკითხულობთ, მიხეილ სააკაშვილის ამ ფორმით გადაყვანა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ცალსახად ზრდის ვითარების ესკალაციის რისკებს, რამაც შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის მშვიდობას და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას.  

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას: 

  • ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ მიღებულ დასკვნაში მითითებული სტანდარტების შესაბამისად დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გადაყვანა და მისი, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე პირადი უსაფრთხოების სრულყოფილი დაცვა;
  • ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისთვის და დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ ოპოზიციასთან; 

ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ ოპოზიციურ ძალებს: 

  •  დარჩნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებში და თავი აარიდონ ვითარების ესკალაციას

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

 ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 6 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამასთან, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომლის მოთხოვნაც სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. აქციამ მოგვიანებით მთავრობის სახლთან გადაინაცვლა. 9 ნოემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა იუსტიციის სამინისტროსთან, 19:00 საათზე კი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რუსთაველზე შეიკრიბებიან. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები