მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა

ბასილაია: ადვოკატებს საშვს არ გვიწერენ, სურთ, სააკაშვილთან კომუნიკაციის ყველა გზა მოსპონ

Alia.ge

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის სანახავად შესვლის საშუალებას არ აძლევენ. მისი თქმით, ისინი საშვს ელოდებიან, რომელსაც ნახევარ საათზე მეტია არ წერენ.

ბასილაიას აზრით, ქართული ოცნება ცდილობს, მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის ყველა შესაძლებლობა მოსპოს.  

"ნახევარ საათზე მეტია ადვოკატები ვართ მოსულები და საშვიც არ გამოუწერიათ, მიზეზსაც არ განმარტავენ. მათ არ სურთ ადვოკატები შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და არ ვიცით შიგნით რა ხდება. ნახევარი საათის მანძილზე, როცა უბრალოდ საშვის გამოწერას ველოდებით, ჩვენ გვიჩნდება ბევრი კითხვა რითი არის ეს განპირობებული. არასოდეს მათ არ აქვთ ამის კანონიერი უფლება, რომ შეგვაყოვნონ. გამოწერონ საშვი, გადავალთ დაწესებულებაში და თუ იქ სხვა რაღაც დაბრკოლება იქნება, სხვა საკითხია. 

საშვი იწერება 2, 3, 5 წუთში. 40 წუთი არ სჭირდება საშვის გამოწერას, აქ რაღაც ხდება და მათ სურთ, ესე დაუსრულებლად გაგვიწელონ და შესაძლებლობები მოისპოს საერთოდ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის". - ამბობს ბასილაია. 


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 6 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამასთან, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომლის მოთხოვნაც სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. აქციამ მოგვიანებით მთავრობის სახლთან გადაინაცვლა და ახლაც გრძელდება. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები