სუდანი

სუდანში უშიშროების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

AFP

სუდანის დედაქალაქ ხართუმში უშიშროების ძალებმა პრო-დემოკრატიულ დემონსტრაციებზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დემონსტრანტები გასულ თვეს ქვეყანაში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებას აპროტესტებენ.

ღამით აქციების მონაწილეებმა ქალაქში ბარიკადები მოაწყვეს, დემონსტრანტები ორდღიანი სამოქალაქო დამოურჩილებლობის აქციის მოწყობას გეგმავდნენ. აქციების მონაწილეები ითხოვენ, სამხედრო ძალები ქვეყნის მმართველობას ჩამოშორდნენ და სამოქალაქო მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა შექმნან.

ინტერნეტის შეფერხებული მუშაობის გამ ქალაქის მოსახლეობის ნაწილმა დაუმორჩილებლობის პროტესტის შესახებ არ იცოდა. თუმცა პროტესტში მასწავლებლები ჩაერთნენ და აქცია განათლების სამინისტროსთან მოაწყვეს.

დემონსტრაციების ფონზე ხართუმში არაბული ლიგის წარმომადგენლები ჩადიან, რათა კრიზის განმუხტვაში მონაწილეობა მიიღონ.

გასულ თვეს, 25 ოქტომბერს სამხედრო გადატრიალების ლიდერმა გენერალმა აბდელ ფატა ალ-ბურჰანის ბრძანებით ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები დააკავეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა. სუდანის პრემიერმინისტრი აბდალა ჰამდოკი კვლავ შინა პატიმრობაშია.

ბოლო ორი წელია, სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების გაერთიანებულ საბჭოს მხარეები, რომლებიც ქვეყანას ერთობლივად მართავდნენ, დაპირისპირებულები არიან. გენერალი ბურჰანი, რომელიც საბჭოს წევრი იყო, ამბობს, რომ სამხედრო გადატრიალება სამოქალაქო ომის თავიდან არიდებისთვის იყო საჭირო. ბურჰანის თქმით, სუდანი დემოკრატიული გზით გააგრძელებს სვლას და 2023 წელს არჩევნები ჩატარდება, რის შემდეგაც ძალაუფლება არეულ ლიდერებზე გადავა.

სამხედრო გადატრიალებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. განსაკუთრებით ხალხმრავალი დემონსტრაციები დედაქალაქ ხართუმში იმართება.

სუდანის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს შორის შეთანხმება 2019 წელს ომარ ალ-ბაშირის რეჟიმის დამხობის შემდეგ გაფორმდა. გაერთიანებულ საბჭოს, გარდამავალ მთავრობას ქვეყანა დემოკრატიისკენ უნდა წაეყვანა და 2023 წელს არჩევნები ჩაეტარებინა. საბჭოს წევრები აქტიურად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. 2019 წლის შემდეგ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე მცდელობა იყო.

კომენტარები