მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ენმ: აქციის მონაწილე ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად გარდაიცვალა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის მონაწილე ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად გარდაიცვალა. პარტია მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების არცერთი ბრიგადა არ იყო მობილიზებული.

"სამწუხაროდ, ქართული ოცნება ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობის უმცირეს ნაწილსაც კი, რასაც უნდა გრძნობდეს ქვეყნის ხელისუფლება. მმართველი გუნდის ყველა ქმედება, ყველა ნაბიჯი, განპირობებულია ზიზღის, ბოროტების და შურისძიების ვიწროპარტიული, დანაშაულებრივი მოტივებით.

დღეს პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა რუსთავში, ციხესთან გამართული პროტესტის ორგანიზებაში. პოლიციის უკანონო ქმედებებმა და აქციის განლაგების შესახებ მათმა ულტიმატუმებმა გამოიწვია მასობრივი პროტესტისთვის სივრცის შეზღუდვა. ამას დაემატა ის, რომ ადგილზე არ იყო მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების არცერთი ბრიგადა.

სამწუხაროდ, მსგავსმა მიდგომამ გამოიღო ფატალური შედეგი და სწრაფი სამედიცინო დახმარების ვერაღმოჩენის გამო ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად გარდაიცვალა საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, მცირედით მაინც გაიაზროს ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს პროტესტის მონაწილეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

6 ნოემბერს რუსთავის ციხესთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე კაცი შეუძლოდ გახდა. ის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ადგილზე განთავსების შესახებ მათთვის აქციის ორგანიზატორებს არ მოუმართავთ.

"საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქის  გონების კარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა.  ქალაქ რუსთავის ფილიალის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე 18:35 საათზე იმყოფებოდა. 

პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული  შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც, 18:45 საათზე, ჰოსპიტალიზირებულ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლებას 24-საათიან ვადას აძლევს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მელიას თქმით, 8 ნოემბერს, 20:00-ზე თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება.

კომენტარები