მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია: 24 საათს ვაძლევთ სააკაშვილის კლინიკაში გადასაყვანად ან მთელი საქართველო შევიკრიბებით

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლებას 24-საათიან ვადას აძლევს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მელიას განცხადებით, 8 ნოემბერს, 20:00-ზე, თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება. 

"სააკაშვილის სიცოცხლე არის გადასარჩენი. ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში. 24-საათიან ვადას. 24 საათი აქვს დრო ბიძინა ივანიშვილს, რომ თუ საღი აზრის მარცვალი შერჩენია ვინმეს ხელისუფლებაში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც იქნება უზრუნველყოფილი მიხეილ სააკაშვილის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

თუ 24 საათში ამას მაინც არ გააკეთებენ და უნდათ, რომ გაგვხადონ თანამონაწილეები, დამსწრეები და მოწმეები მიხეილ სააკაშვილის მკვლელობისა და ამას გააგრძელებენ, ორშაბათს, 8 ნოემბერს, საღამოს რვა საათზე ვიკრიბებით მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე. ამ წუთიდან, ვიდრე მე ვსაუბრობ, 24 საათი აქვს ვადა ბიძინა ივანიშვილს, სხვადასხვა წყაროთი ან საჯაროდ შეგვატყობინოს, რომ მიიღეს სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება. თუ ამას არ გააკეთებენ, ორშაბათს, საღამოს რვა საათზე, აქ ვინც ვართ და 20-ჯერ და 30-ჯერ მეტი, მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე შევიკრიბებით. დანარჩენი, რას ვაპირებთ და რა არის მოთხოვნა, თავისუფლების მოედანზე გაგაცნობთ" - განაცხადა ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე და აღნიშნა, რომ "დაიწყო დროის ათვლა ბიძინა ივანიშვილისთვის".

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, თუმცა, იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, პატიმარი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. ამის დასადასტურებლად, პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დახმარების ოთახში მინერალების შემცველ პიურეებს იღებს. ეს კადრების გასაჯაროებამდე სახალხო დამცველის განცხადებაშიც ეწერა, კერძოდ,  ომბუდსმენის ცნობით, "30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით".

6 ნოემბრის დილით მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, უარი თქვა არამხოლოდ წვენზე, არამედ, "მინერალზე, ვიტამინზე (გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა".

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს - დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა ამის გამო შიმშილობაც დაიწყეს. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით კი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მისი სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა არ დგას. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ექსპრეზიდენტს გლდანის ციხის საავადმყოფოში უმკურნალებენ, რაზეც მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი პირველად 24 ოქტომბერს შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 4 ნოემბერს სააკაშვილის მიღებისთვის მე-18 სამკურნალო დაწესებულების მზაობა კიდევ ერთხელ შეამოწმა. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. 

კომენტარები