ტრანსფობია

შსს: ტრანსგენდერი ქალების ცემის ბრალდებით 3 ადამიანი დავაკავეთ

თანასწორობის მოძრაობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს პირები, რომლებმაც 2 დღის წინ ტრანსგენდერ ქალებს სცემეს. 

"1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.რ., 1994 წელს დაბადებული ბ.მ. და 1994 წელს დაბადებული ბ.ბ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, ღამით, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხმა პირმა ორ ტრანსგენდერს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი მათგანი დააკავეს, მეოთხე პირის დაკავების მიზნით კი მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

ორივე დაზარალებულს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, ტარდება სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გამოძიება ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მონიტორინგს ახორციელებს, რათა გამოძიება შემჭიდროებულ ვადებში, ყოველმხრივ და ობიექტურად წარიმართოს", - აცხადებს შსს. 

თავად ტრანსგენდერი ადამიანების ცნობით, მათ თავს 7 ადამიანი დაესხათ. როგორც თვითმხილველებმა თანასწორობის მოძრაობას უთხრეს, თავდამსხმელები მერსედესის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

ტრანსგენდერი ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია. მათზე მუდმივად ძალადობენ, ორი ტრანსგენდერი ქალი კი ბოლო წლებში ტრანსფობიის ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმების გამო დაიღუპა.

ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ მიმდინარე წლის თებერვალშიც. გამოძიება მაშინაც სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. რა შედეგი დადგა ამ გამოძიების შედეგად, უცნობია. 

კომენტარები