იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ელჩების კრიტიკის პასუხად ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას მოსამართლეები გაემიჯნნენ

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას 17 მოსამართლე გაემიჯნა. კომიტეტმა განცხადებით უპასუხა 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ დიპლომატებისა და სამოქალაქო სექტორის კრიტიკას, რომლებმაც პროცესს გაუმჭვირვალე, ნაჩქარევი და არადემოკრატიული უწოდეს. ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას გაემიჯნნენ:

  1. ქეთევან მესხიშვილი
  2. შოთა გეწაძე
  3. თამარ ხაჟომია
  4. ნინო ბაქაქური
  5. ეკატერინე გასიტაშვილი
  6. ნინო გერგაული
  7. ​მამუკა წიკლაური
  8. ლევან დარბაიძე
  9. გიორგი ებანოიძე
  10. მანანა მესხიშვილი
  11. გელა ბადრიაშვილი
  12. ხათუნა ჯინორია
  13. ბადრი ნიპარიშვილი
  14. ზაზა მარტიაშვილი
  15. ციცინო კიკვაძე
  16. ეკა არეშიძე
  17. მადონა მაისურაძე

4 ნოემბერს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის არჩევის შესახებ დიპლომატიური კორპუსის კრიტიკას უპასუხა. კომიტეტი ელჩებს ვენის კონვენციას 41-ე მუხლს ახსენებს, რომლის თანახმადაც, ვალდებულები არიან, არ ჩაერიონ ქვეყნის საშინაო საქმეებში. განცხადების ავტორები შეფასებებს გადაჭარბებულს, დაუსაბუთებელს და წინააღმდეგობრივს უწოდებენ.

31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორი მოსამართლე წევრის დანიშვნას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც გამოეხმაურა, რომელიც თვლის, რომ წევრთა დანიშვნის პროცესი არც კონკურენტული იყო და არც გამჭვირვალე.

მოსამართლეთა დანიშვნას გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც, რომელიც წერს, რომ დანიშვნები ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული იყო.

31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ XXX კონფერენციაზე ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩია. კონფერენციამდე უფლებამოსილება ვადამდე შეიწყვიტა საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, თამარ ონიანმა, რომელსაც უფლებამოსილება 2022 წლის 24 მარტს ეწურებოდა და თეა ლეონიძემ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზუსტად ერთი წლის წინ იქნა არჩეული.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მიიჩნევს, რომ წევრთა დანიშვნა წარმოადგენს სასამართლოში არსებული კლანის წარმატებულ მცდელობას, სხვა საკითხებზე მიმართული საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე დააკომპლექტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მისთვის სანდო და ლოიალური მოსამართლეებით და მომდევნო წლების განმავლობაში გარანტირებულად შეინარჩუნოს გავლენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე.

კომენტარები