იუსტიციის უმაღლესი საბჭო

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 არამოსამართლე წევრი აირჩია — 1 მოსამართლის შვილია

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი, ლევან ნემსაძესა და გოგა კიკილაშვილ აირჩია. 

წევრების ასარჩევად საჭირო კვორუმი 90 ხმა იყო. ორივე მათგანს, ლევან ნემსაძესა და გოგა კიკილაშვილს კი ზუსტად 90-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ნაზი ჯანეზაშვილის ცნობით, არამოსამართლე წევრად არჩეული - გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია. მისივე ინფორმაციით, კიკილაშვილი ერთ-ერთია იმ მოსამართლეთა შორის, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია პარლამენტმა.

ერთ-ერთი გოგა კიკილაშვილია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.

კომენტარიც არ არის საჭირო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რა სწრაფად მიიღო სარგებელი ამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის მოსამართლის შვილმა ხვდებით ხომ?". - წერს ჯანეზაშვილი.

დეპუტატი ხატია დეკანოიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ "საბჭოს წევრები ისევ ოპოზიციამ გაათრია პარლამენტში". მისი ინფორმაციით, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი ოპოზიციის ერთმა წარმომადგენელმა დაუჭირა.

"ქართულ ოცნებას ერთი დეპუტატი დაემატა დღეს, უფლებამოსილებით ცნეს გორი/კასპის მაჟორიტარი. ჯამში ახალ წევრთან ერთად ოცნებას + სოციალისტები 89 ხმა აქვთ.

ტაბლოზე 90 ხმა იყო. ამიტომ ერთი ადამიანი ოპოზიციიდან ისევ გარიგდა.

იმედია, კადრებს ამოიღებენ ჟრნალისტები. ზოგადად, ოპოზოციაში კატასტროფული ვითარებაა ყველა მიმართულებით". - წერს დეკანოიძე.

17 მაისს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უყარეს კენჭი, სადაც 5 ვაკანტური ადგილიდან სამი შეივსო. ფარული კენჭისყრის შედეგად არამოსამართლე წევრებად აირჩნენ: გიორგი გზობავა - 91 ხმით, ზურაბ გურასპაშვილი - 93 ხმით და ტრისტან ბენაშვილი - 93 ხმით. მათ მხარი ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს.

კომენტარები