ვაქცინაცია საქართველოში

NCDC: აცრილების ინფიცირების შანსი თითქმის 10-ჯერ ნაკლებია აუცრელებთან შედარებით

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი 9.44-ჯერ ნაკლებია არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. სრულად აცრილებში ინფიცირებისაგან დაცვის ეფექტიანობა 89.41%-ია.

ამასთან, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ვაქცინირებულ პირებში ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის ზოგადი ეფექტიანობა 93.35%-ია.

  • ≥60 ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია 92.29%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისაგან
  • 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის ეფექტურობა 94.64%-ია

NCDC-ის მონაცემებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა საჭირო გახდა სრულად ვაქცინირებულ 72 შემთხვევაში (მათგან მხოლოდ 4 პირი იყო 60 წელზე ნაკლები ასაკის). ანგარიშის მიხედვით, ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებისაგან, სრული ვაქცინაციით განპირობებული დაცვა 97.81%-ია. აქედან:

  • ≥60 ასაკობრივ ჯგუფში, სრულად ვაქცინირებულთა ინტენსიური მკურნალობის საჭიროება 97.74%-ით ნაკლებად დგება არავაქცინირებულებთან შედარებით
  • 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი - 99.2%-ის ტოლია

რაც შეეხება ლეტალური გამოსავლისგან დაცვის ეფექტიანობას, ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, Covid 19-ით 5 469 ზრდასრული გარდაიცვალა. ამ შემთხვევების 98.96% (5 412) არავაქცინირებული იყო, ხოლო 1.04% (57) - ვაქცინირებული.

  • 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულთა შორის სიკვდილისაგან დაცვა 99.34%-ია 
  • ≥60 ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაცია 97.24%-ით იცავს სიკვდილისაგან 

კომენტარები