მიხეილ სააკაშვილის დაკავება

SJC: მოვუწოდებთ მთავრობას, უარი თქვას სუს-ის პარტიული მიზნებით გამოყენებაზე

"ბუნდოვანია, კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით და რა საფუძვლით მიმდინარეობს გამოძიება ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების თაობაზე. აგრეთვე, შემაშფოთებელია სისხლისსამართლებრივი ნორმების და დანაშაულის ფარგლების იმგვარი ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც, რევოლუციაზე საჯარო ფორმატში საუბარი და დისკუსია ავტომატურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს". - სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) სუს-ის 3 ნოემბრის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც უწყებამ ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოძიების დაწყება დააანონსა

"ორგანიზაციის განცხადებით, სუს-ის განცხადების მიზანი, ნაცვლად რეალური დანაშაულებრივი ქმედებების გამოაშკარავებისა, ან დამნაშავეების დასჯისა, არის საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება, ან არსებული საპროტესტო მუხტის შესუსტება, რადგან, მათივე თქმით, სუს-ის მხრიდან მსგავსი გამოძიების დაანონსება არ არის სიახლე და სხვადასხვა დროს სამსახური აკეთებს ხოლმე ე.წ. პრევენციულ განცხადებებს გამოძიების დაწყების თაობაზე.

სამწუხაროდ, 3 ნოემბრის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს უწყების პოლიტიზირების და მისი ვიწროპარტიული ინტერესებით ისნტრუმენტალიზების ტენდენციას. უსაფრთხოების სისტემის ამგვარი გამოყენება არსებითად ასუსტებს მას და ზრდის საზოგადოებრივ უნდობლობას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების მიმართ. ამავდროულად, მკაფიოა, რომ არსებულ რთულ პოლიტიკურ კონტექსტში, ხელისუფლება პოლიტიკური დიალოგის და საზოგადოებრივი კონსოლიდაციის ნაცვლად, კვლავაც ირჩევს დასჯისა და კონტროლის ენას, რომელიც იმთავითვე გამორიცხავს შექმნილი მდგომარეობიდან კონსტრუქციული დიალოგის გზით გამოსვლის პერსპექტივას.

ცხადია, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ოპოზიციურმა ჯგუფებმა მიიღონ მაქსიმალური ზომები, რომ მათი და მათი მხარდამჭერების მობილიზაციის სტრატეგიები დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის და პრინციპების ჩარჩოში მოექცეს და ხელი შეუწყონ სოციალური მშვიდობის დაცვასა და დემოკრატიული კონტროლის და მონაწილეობის მშვიდობიანი გზებით განხორციელებას.

სამწუხაროა, რომ არადემოკრატიულად და მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკურმა კრიზისმა და პოლარიზებამ კულმინაციას მიაღწია და ამ დრომდე არ ჩანს, ამ რეალობიდან გამოსვლის რაციონალური, შეთანხმებისკენ მიმართული მცდელობები". - წერია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს

სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურს:

  • მიაწოდოს საზოგადოებას, რა კონკრეტული ფაქტების და გარემოებების ირგვლივ მიმდინარეობს გამოძიება ხელისუფლების შეთქმულების ფაქტზე;
  • თავი შეიკავოს იმგვარი განცხადებების გაკეთებისგან, რომელსაც მსუსხავი ეფექტი ექნება გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებებზე;
  • მთავრობას უარი თქვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პარტიული მიზნებით ინსტრუმენტალიზებაზე და გადადგას ქმედითი ნაბიჯები პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსოლიდაციისკენ.

პოლიტიკურ პარტიებს:

  • საკუთარ სამოქმედო სტრატეგიებში გაითვალისწინოს სოციალური მშვიდობის დაცვის ინტერესი და არ დაუშვას ესკალაციის, სოციალური პოლარიზების შემქმნელი მცდელობები;

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით".

მათივე ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები