არჩევნები 2021

ხაზარაძე: 9 წელია მთავრობაში არიან და მხოლოდ 1 ოლქში ჩაატარეს ელექტრონული არჩევნები

ხელისუფლებამ ვერანაირად ვერ გაამართლა ჩვენი მოქალაქეების იმედები, სასამართლო რეფორმა იქნებოდა ეს თუ ნებისმიერი რამ, რაც აწუხებს ჩვენს ქვეყანას, ამას ემატება საკმაოდ სერიოზული გაჭირვება, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს ხანში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, რომელიც იქნება მართლაც გადატვირთვა და იმ შედეგის მიღება, რაც ასე უნდა ქართველ ხალხს. ეს შედეგები, რაც იწერება, რაც წინა არჩევნებზე იყო, რაც ახლა ამ არჩევნებზეა, ეს არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას.

იქ, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონულად, ნდობა მაღალია, კრწანისის რაიონს ვგულისხმობ. 9 წელია მთავრობაში არიან და მხოლოდ ერთ რაიონში მოახერხეს, ისიც ძალიან დიდი ძალისხმევის, შარლ მიშელის ჩართვებით, მთელი ევროკავშირი და აშშ იყო ჩართული, რომ იქნებ სცადოთ ელექტრონული არჩევნები და შედეგი სახეზეა, რომ უკვე მონაცემები მზად არის და იქ კითხვები ნაკლებია, იმიტომ რომ ძალიან მარტივია ამის აღრიცხვა.

ამას რომ არ აკეთებს ხელისუფლება, როდესაც მილიარდებს სესხულობს და ისე ფანტავს, რომ არანაირი პროგრესი, წინსვლა ქვეყანას არ ემჩნევა, ეს ნიშნავს, რომ შენ უბრალოდ არ გაინტერესებს სამართლიანი არჩევნები და ხარ იმიტომ ხელისუფლებაში, რომ შეინარჩუნო ის ძალაუფლება და მაფიოზური გარიგებები, რაც ამ ხელისუფლებას ახასიათებს. 

ამბობს პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.

კომენტარები