არჩევნები 2021

პრემიერი: მადლობა ხალხს, მადლობა უფალს, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ

"მინდა, ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება, დიდი მადლობა ჩვენს ხალხს და ჩვენს მხარდამჭერებს" - მიმართა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მხარდამჭერებს TV იმედის ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ.

"მადლობა ჩვენს ხალხს ყველაფრისთვის, თქვენ მადლობა, მადლობა უფალს, ძალიან მშვიდად, კარგად ჩატარდა არჩევნები და ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ, წინასწარი მონაცემების მიხედვით. ახლა მშვიდად უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემებს და მინდა მივულოცო გამარჯვება კახა კალაძეს თბილისის მერის თანამდებობაზე და ასევე ყველა მერს, ყველა ჩვენს კანდიდატს" - თქვა პრემიერმა.

TV იმედის 18:00 საათის ეგზიტპოლების მიხედვით, საქართველოს ოთხ ქალაქში - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი, ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. სხვაგან კომპანია გორბს ეგზიტპოლი არ ჩაუტარებია. ცდომილების ზღვარი 95%-იანი საიმედოობით +-2.5%-ია.

მთავარი არხის დაკვეთით კი, ეგზიტპოლები ხუთ დიდ ქალაქში ჩატარდა და ყველგან - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გაიმარჯვა. გამოკითხვის პროცესი შეასრულა კომპანია ანოვამ. შედეგების შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.

კომენტარები