მიხეილ სააკაშვილის დაკავება

IDC-CDI-ის რეზოლუცია: შეწყვიტეთ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიების საერთაშორისო გაერთიანება, ცენტრისტ დემოკრატ ინტერნაციონალი (IDC-CDI) აქვეყნებს რეზოლუციას საქართველოში მიმდინარე სიტუაციის შესახებ. გაერთიანება საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეაჩერონ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა.

რეზოლუცია IDC-CDI-ის ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა წარუდგინა და ის პარტიათა საერთაშორისო გაერთიანებამ ერთხმად მიიღო. 

"ეს არის საერთაშორისო ცენტრისტულ-დემოკრატიული პარტია, რომელშიც მსოფლიოს 73 ქვეყნის 100-მდე პარტიაა გაერთიანებული, რომელმაც ბრიუსელში ჩაატარა თავისი აღმასრულებელი კომიტეტი და გენერალური ასამბლეა, რომელშიც ვმონაწილეობდი მე და სხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო რეზოლუცია საქართველოს შესახებ.

ეს არის დიდი ორგანიზაცია, აქ არიან, ძირითადად, ცენტრისტული და მემარჯვენე პარტიები და ამ განხილვებში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ევროპელი ლიდერები, ისე ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის წარმომადგენლები. საკმაოდ დიდი შეხვედრა იყო.

მნიშვნელოვანია ის, რომ ჩემ მიერ, როგორც ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი რეზოლუცია ერთხმად მიიღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ამ დიდმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მხარდაჭერა, მაგრამ ამავდროულად, ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობა და თავისუფალი სასამართლო არის განსაკუთრებით მთავარი წინაპირობები საქართველოს დასავლური მომავლისთვის. შესაბამისად, წუხილია გამოთქმული და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს მათი მხრიდან. პოლიტიკური ოპონენტების დასჯა, დევნა, არჩევნების მანიპულირება ძალიან აზიანებს პოლიტიკურ პროცესებს". – ამბობს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდოამრე რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით. 

გიგი წერეთელმა ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთაც რეზოლუციაში ხაზი ესმევათ, კერძოდ, თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე, ექსპრეზიდენტი სააკაშვილის პატიმრობაზე და საქართველოს პოლიტიკური სიტუაციისთვის სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის შექმნაზე.

"შეხვედრებზე ხაზი გაესვა 30 ოქტომრის არჩევნების მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მათი მხრიდან არის მოწოდება იმისა, რომ შეიქმნას თანაბარი პირობები და ხელისუფლებამ ვერ გამოიყებნოს ის ინსტრუმენტები, რაც არის ზეწოლა და ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობა და დაშინება, რაც სამწუხაროდ, პირველ ტურში სადამკვირვებლო მისიების შეფასებებში იყო. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს, იმ დამოკიდებულებას, რაც აქვს ხელისუფლებას მის მიმართ, რომ ის ვერ სარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რომ ვერ იღებს საჭირო სამედიცინო დახმარებას, ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან კრიტიკულია რეზოლუცია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყდეს პოლიტიკური დევნა და მიეცეს სააკაშვილს სამედიცინო დახმარების საშუალება. რეკომენდებულია, რომ წითელი ჯვრის საზოგადოება იყოს ჩართული იმისათვის, რომ შედგეს მონიტორინგი და ანგარიში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე განხილვის დროს გამოითქვა ინიციატივა, რომ შეიქმნას დელეგაცია, რომელიც სასწრაფოდ ჩავა საქართველოში და ადგილზე გაუწევს მონიტორინგს". – ამბობს გიგი წერეთელი.

რეზოლუციის დასკვნაში წერია: 

ჩვენ ვაღიარებთ ევროკავშირის დიდ ძალისხმევას, ეშუამდგომლათ მთავრობასა და ოპოზიციას შორის,  პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად, რის შედეგადაც 19 აპრილის შეთანხმება მივიღეთ. თუმცა, სტრატეგიული რეფორმების უხეში უგულებელყოფა, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური დევნის დასრულების, შემდეგში შეთანხმების ცალმხრივი დატოვება და, რაც მთავარია, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა, ჩვენ მცირე იმედს გვიტოვებს საქართველოს ევროპული ღირებულებების ერთგულებასთან დაკავშირებით.

ამ რეზოლუციით ცენტრისტ-დემოკრატ ინტერნაციონალი:

  • კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საკუთარ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიულ, ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცენ ქართველი ხალხის ძლიერ ევროპულ სწრაფვებს;

  • საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის შექმნან ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტია, პატივი სცენ თავისუფალი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის პრინციპებს და მის წინაარმდეგ პოლიტიკური დევნა შეწყვიტონ;

  • საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში შექმნან თავისუფალი და თანაბარი გარემოს გარანტია, პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას და ადგილობრივი თვითმმართველობის იდეას;

  • მოუწოდებს  ICD-CDI-სა და EPP-ს (ევროპის სახალხო პარტია) წევრებს, ევროპული პარლამენტის ჯგუფს საქართველოში ერთობლივი დელეგაციის გაგზავნისკენ, რათა დააკვირდნენ ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციას;

  • მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მთავრობებს, ახლოდან ადევნონ თვალი საქართველოს სიტუაციას.

კომენტარები