არჩევნები 2021

გაღრმავებული პოლარიზება, მმართველი პარტიის პრობლემური პოზიციები – ISFED-ის წინასაარჩევნო ანგარიში

არჩევნები
ტაბულა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. 

სამართლიანმა არჩევნები განცხადების მიხედვით, მათ მიერ გამოვლენილი ძირითადი მიგნებებითა და ტენდენციებით, პირველი ტურის მსგავსად, მეორე ტურის წინაასარჩევნო პერიოდში კვლავ ბუნდოვანი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. ISFED-ის შეფასებით, ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანდა 27 ოქტომბრის ქართული ოცნების აქციის ორგანიზების პროცესში, რომელშიც ჩართული იყო საჯარო უწყებების, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფინასებული ორგანიზაციების რესურსები და თანამშრომლები. 

ორგანიზაცია წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის დანერგვას, თუმცა, მათივე განცხადების მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიების ნაწილში ხმების დათვლის ვიდეოფიქსაცია არჩევნების პირველ ტურზე ხარვეზებით წარიმართა.  

"კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ ატვირთულა 3200-დან 300-ზე მეტი საარჩევნო უბნის ხმის დათვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ამასთან, ვიდეოჩანაწერების ნაწილი ხარვეზებითა იყო გადაღებული და ვერ უზრუნველყოფდა ხმების დათვლის პროცესის სრულყოფილად ასახვას. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაითვალისწინოს პირველი ტურის გამოცდილება და აღმოფხვრას ხსენებული ხარვეზები მეორე ტურისთვის". - ვკითხულობთ ანგარიშში. 

ISFED-ის შეფასებით, პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდში არსებული პოლარიზება კიდევ უფრო გაღრმავდა მეორე ტურის წინ, რაც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ და მისმა დაკავებამ გამოიწვია. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პირველი ტურის წინ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამქრალი იყო დისკუსია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით. კამპანია, ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო პროგრამების გაცნობის ნაცვლად, პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირებაში, ნეგატიურ გზავნილებსა და ოპონენტის დისკრედიტაციაში ვლინდებოდა. ISFED-ის განცხადებით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში შედარებით მეტად გაკეთდა აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინსტერსებზე. 

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე მოხვდა პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება - ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე, უბრალოდ, პერსპექტივა არ აქვს". ISFED-ი განცხადებას პრობლემურს უწოდებს. 

"მსგავსი განცხადებები, ერთი მხრივ, უგულებელყოფს დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისა და მის კომპეტენციაში ცენტრალური ხელისუფლების ჩაურევლობის პრინციპებს, მეორე მხრივ, შეიცავს შერჩევითი მიდგომის ნიშნებს, რომ მერის არჩევნებში არასახელისუფლო კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისი მუნციპალიტეტის მხარდაჭერას სათანადოდ არ უზრუნველყოფს". - ვკითხულობთ ანგარიშში. 

ISFED-ი უარყოფითად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივას სააგიტაციო მასალის განთავსებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით.

"ინიციატივა ვერ აკმაყოფილებს განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნებსაც, რამაც ნორმის აღსრულების პროცესში შესაძლოა თვითნებური ინტერპრეტაციის და პოლიტიკური მიზნით გამოყენების რისკი შექმნას. გაუგებარია რა იგულისხმება "უარყოფითი დამოკიდებულების" შექმნაში და რა ნორმატიული შინაარსი შეიძლება იყოს ამ ტერმინში. ამგვარ რეგულაციას "მსუსხავი ეფექტი" ექნება გამოხატვისა და მედიის საქმიანობის თავისუფლებაზე". - წერია წინასაარჩევნო ანგარიშში.   

ISFED-ის წინასაარჩევნო ანგარიშში ასევე მოხვდა საკონსტიტუციო სასართლოს მიერ პარტიის სიის ყოველ სამეულში ერთი კაცის ჩასმის ვალდებულების გაუქმებას.

"სასამართლომ ძალაში დატოვა კვოტირების მექანიზმი ქალთა სასარგებლოდ და ქალი კანდიდატის არარსებობსისას მანდატის გაუქმების წესი, რადგან ეს გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ მომავალში პოლიტიკურმა პარტიებმა ფორმალურად შეიყვანონ პარტიულ სიაში ქალი კანდიდატები, ხოლო შემდეგ, მანდატზე უარის თქმით, გვერდი აუარონ კვოტირებას. სასამართლომ მხარი დაუჭირა მის მიერვე უკვე დადგენილ სტანდარტს, რაც კვოტირების, როგორც ქალთა პოლტიკაში მონაწილეობის გაზრდის მექანიზმის კონსტიტუციურობაში მდგომარეობს და აღნიშნა, რომ ხელოვნური უთანასწორობის აღმოფხვრის მექანიზმის შექმნა მიმართული უნდა იყოს ქალთა მიმართ არსებული ფაქტობრივი უთანასწორობის დაძლევისკენ". - ვკითხოლობთ ანგარიშში. 

სამართლიანი არჩევნების განცხადების მიხედვით, მეორე ტურის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, ამ პერიოდში კვლავ აღრიცხეს სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, ხელის შეშლის, ადმინისტრაციული რესურსის  სავარაუდო გამოყენების, სოციალური ქსელით აგიტაციისა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის რამდენიმე ფაქტი. 

ISFED-ის განცხადებით, არჩევნების დაკვირვებისას განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებენ 8 მუნიციპალიტეტზე, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქსა (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი და ქუთაისი) და 3 თვითმმართველ თემზე (ზუგდიდი, ოზურგეთი და თელავი). ორგანიზაცია თბილისის უბნების მესამედს, ხოლო დანარჩენ ჩამოთვლილ 7 მუნიციპალიტეტებში - უბნების ნახევარს დაფარავს. ISFED-ის განცხადებით, ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია 27 მობილური ჯგუფისგან და 544 საუბნო და 29 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლისგან შედგება.

"სამართლიანი არჩევნები 100 დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდება უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებსაც. არჩევნების დღეს, ორგანიზაციის სათაო ოფისში იმოქმედებს მონაცემთა გადამოწმებისა (23 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (10 იურისტი). ორგანიზაციის მონიტორები არჩევნების დღის პროცესებს სრულად, საარჩევნო უბნების გახსნიდან ხმის დათვლის პროცესის დასრულებამდე დააკვირდებიან. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდება და ქვეყნდება საარჩევნო დღის განცხადებების სახით, გამოვლენილ დარღვევებს კი შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა მიეცემა. სამართლიანი არჩევნები მეორე ტურის დღის განმავლობაში 3-ჯერ წარმოგიდგენთ სადამკვირვებლო მისიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. პრეზენტაციები გაიმართება შემდეგ საათებში: 11:00, 16:00 და 22:00". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება. სიახლეებს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე. 

კომენტარები