თურქეთი-რუსეთი

უკრაინის მიერ თურქული დრონის გამოყენების შემდეგ რუსეთმა თურქული მანდარინის იმპორტი შეზღუდა

უკრაინის მიერ თურქული დრონის Bayraktar TB2-ის დონბასში სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენების შემდეგ რუსეთმა თურქული მანდარინის იმპორტი შეზღუდა.

რუსეთში მომხმარებელთა უფლებების დაცვის და კეთილდღეობის ფედერალური სერვისის (როსპოტრებნადზორის) ინფორმაციით, ერთ-ერთი თურქული კომპანიის მანდარინებში პესტიციდების სახიფათო რაოდეონობა აღმოაჩინეს, რის გამოც მათი იმპორტი აიკრძალა.

"აღნიშნულ მანდარინებში აღმოჩენილია პესტიციდ "ქლორპირიფოსის" კონცენტრაცია, რომელიც მაქსიმალურ დასაშვებ დონეს აჭარბებს." – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

როსპოტრებნადზორის ინფორმაციით, ერთ-ერთი მწარმოებლის, Fikret degirmenci-ის მანდარინის რუსეთში იმპორტი 29 ოქტომბრიდან აიკრძალება.

შემთხვევას გამოეხმაურა თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების წარმომადგენლის თქმით, ერთი მწარმოებლის პროდუქციის აკრძალვა არ ნიშნავს მთლიანად თურქული მანდარინის იმპორტის აკრძალვას.

"ჩვენს სამინისტროს არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია როსპრედნადორიდან ამ გადაწყვეტილების შესახებ. თუმცა გვესმის, რომ ის არ ეხება თურქეთიდან რუსეთში მანდარინის მთლიან ექსპორტს. საუბარია კონკრეტულ კომპანიაზე, რომლის პროდუქციაშიც რაღაც აღმოაჩინეს. ეს ხანდახან ხდება, მიწოდება ჩერდება მდგომარეობის გამოსწორებამდე." – თქვა თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა.


26 ოქტომბერს უკრაინამ თურქული სამხედრო დრონი, Bayraktar TB2, დონბასში სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენა. უპილოტო საფრენმა აპარატმა სარაკეტო იერიში მოწინააღმდეგის საარტილერიო დანადგარზე მიიტანა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, სეპარატისტებმა მათი სამხედროების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რასაც ერთი უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა. ამ თავდასხმის საპასუხოდ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თურქული უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. 

ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა უკრაინა ფრონტის ხაზის გადაღმა გასვლის მცდელობასა და მინსკის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. სწორედ ამის შემდეგ მათ ცეცხლი გახსნეს უკრაინელი სამხედროებისა და სოფელი გრანიტნოეს მიმართულებით. მოსახლეობის დასაცავად, უკრაინულმა მხარემ Bayraktar TB2 გამოიყენა. 

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თურქეთისგან 12 დრონი ჰქონდა შეძენილი, გასულ თვეში კი მათ კიდევ დამატებით შეიძინეს 24 Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები. 

"პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ მათთან [დრონებთან] ეფექტური მუშაობა, შემდეგ კი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ მათი გამოყენების ტაქტიკები", – ამბობდა სექტემბერში უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ზალუჟნი.

თურქული Bayraktar TB2-ის ტიპის დრონები 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარემ გამოიყენა და ეს მისი საბრძოლო წარმატების ერთ-ერთ მიზეზად ითვლება.

კომენტარები