სუდანი

სამხედრო გადატრიალების შემდეგ მსოფლიო ბანკმა სუდანს დახმარება შეუჩერა

EPA

სამხედრო გადატრიალების შემდეგ მსოფლიო ბანკმა სუდანს დახმარება შეუჩერა. ძალაუფლების "არაკონსტიტუციურად" ხელში ჩაგდების გამო ქვეყანას დახმარება შეუჩერა აფრიკის კავშირმაც. დახმარების სახით 700 მილიონი დოლარის გადაცემა შეაჩერა აშშ-მაც.

დახმარების შეჩერებას სავარაუდოდ სავალალო გავლენა ექნება სუდანის ეკონომიკაზე. მსოფლიო ბანკის და აფრიკის გადაწყვეტილების მიზანია, სამხედრო გადატრიალების ლიდერზე გენერალ აბდელ ფატა ბურჰანზე ზეწოლა, რათა მან სამოქალაქო მთავრობა აღადგინოს. 

ორშაბათს, 25 ოქტომბერს სამხედროებმა სუდანის პოლიტიკური ლიდერები დააკავეს. ბოლო ორი წელია სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების გაერთიანებულ საბჭო, რომელიც ქვეყანას მართავდა, დაპირისპირებულები არიან. პრემიერმინისტრი აბდალა ჰამდოკი, რომელიც სხვა ლიდერებთან ერთად ორშაბათს დააკავეს, უკვე გაათავისუფლეს, თუმცა ამჟამად ძალაუფლება კვლავ სამხედრო ძალების ხელში რჩება.

გენერალი ბურჰანი, რომელიც საბჭოს წევრი იყო, ამბობს, რომ სამხედრო გადატრიალება სამოქალაქო ომის თავიდან არიდებისთვის იყო საჭირო. ბურჰანის თქმით, სუდანი დემოკრატიული გზით გააგრძელებს სვლას და 2023 წელს არჩევნები ჩატარდება, რის შემდეგაც ძალაუფლება არეულ ლიდერებზე გადავა. 

მსოფლიო ბანკი პრეზიდენტის დავიდ მალპასის სამხედრო გადატრიალებას განცხადებით გამოეხმაურა.

"სუდანში მიმდინარე მოვლენებით ძალიან შეშფოთებული ვარ. ვშიშობ, რომ [გადატრიალებას] შეიძლება დრამატული გავლენა ჰქონდეს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ აღორძინებასა და განვითარებაზე" - თქვა მალპასმა

2020 წლის მარტში სუდანმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მიიღო წვდომა მსოფლიო ბანკის გრანტებზე, მილიარდობით დოლარზე. მარტში მალპასი ამბობდა, რომ ქვეყანა მრავალწლიანი კრიზისის შემდეგ ეკონომიკურად ვითარდებოდა.

სუდანის პრემიერმინისტრის აბდალა ჰამდოკის თქმით, მსოფლიო ბანკი სუდანს 3 მილიარდი დოლარით დაეხმარა, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ჯანდაცვის და განათლების მხარდასაჭერად.

სამხედრო გადატრიალებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. განსაკუთრებით ხალხმრავალი დემონსტრაციები დედაქალაქ ხართუმში იმართება. სამხედროებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. დაპირისპირების გამო დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი. პროტესტს შეუერთდნენ ექიმების, ნავთობის სფეროში მომუშავეთა და სუდანის საბანკო ასოციაციის პროფკავშირების წევრები. 

სუდანის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს შორის შეთანხმება 2019 წელს ომარ ალ-ბაშირის რეჟიმის დამხობის შემდეგ გაფორმდა. გაერთიანებულ საბჭოს, გარდამავალ მთავრობას ქვეყანა დემოკრატიისკენ უნდა წაეყვანა და 2023 წელს არჩევნები ჩაეტარებინა. საბჭოს წევრები აქტიურად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. 2019 წლის შემდეგ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე მცდელობა იყო.

კომენტარები