არჩევნები 2021

ოცნების აქციის გამო გადაკეტილი ქუჩების სრული ჩამონათვალი – ალტერნატიული მარშრუტები

მარიამ ნიკურაძე/OC Media

დღეს, 27 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილი ქართული ოცნების აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. კერძოდ, რესპუბლიკის მოედანზე, შესაბამისად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მერაბ კოსტავას ქუჩისა და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროზე და ჩუღურეთის მიმართულებით.

მოძრაობა აკრძალულია რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, 9 აპრილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის და ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე. ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი იმოძრავებს იუსტიციის სახლის მიმართულებით. დიდი ზომის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აიკრძალა ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გადიან; ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე, შესაბამისად, ავტომანქანები მოძრაობენ ივანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით; მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ბრუნდებიან ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას აგრძელებენ ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით.

გადაადგილების აკრძალვის პერიოდში, ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ ორივე სანაპიროზე, ვასილ პეტრიაშვილის, თამარ ჭოველიძის და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე.

გარდა ამისა, თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ასევე დაიგეგმა დამატებითი ღონისძიებები, რათა აქციის ორგანიზატორებს მისცემოდათ ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა. მათ შორის შეიზღუდა ავტომანქანების პარკირება გარკვეულ ქუჩებზე.

"მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება". – წერია განცხადებაში.

არჩევნების მეორე ტურებამდე 3 დღით ადრე, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე ქართული ოცნება აქციას გამართავს.

კომენტარები