საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 2.98 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 24%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.7%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.9%-ით გაიზარდა და 2.16 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნებია: ჩინეთი ($453 მლნ), რუსეთი ($388 მლნ) და თურქეთი ($220 მლნ).
2021 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 571 მილიონი დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.4%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 316 მილიონი დოლარით (14.6%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 165 მილიონი დოლარით (7.6%).