ჩრდილოეთ კორეა

სამხრეთ კორეა: ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვა

ჩრდილოეთ კორეის მიერ 2015 წელს გაშვებული ბალისტიკური რაკეტა

სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა, რომელიც, სავარაუდოდ, წყალქვეშა ნავიდან, იაპონიის ზღვის მიმართულებით ისროლეს.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის გენერლის თქმით, რაკეტა ადგილობრივი დროით 10:17-ზე, ჩრდილოეთ კორეის ქალაქი სიმპოს მიდამოებიდან ახლოს გაუშვეს, იმ ტერიტორიიდან, სადაც წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელი ტექნოლოგიაა განლაგებული. 

სამხრეთკორეელი გენერლის თქმით, ისინი, აშშ-სთან ერთად, ახლოდან აკვირდებიან ვითარებას. 

იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, მათ დააფიქსირეს ორი ბალისტიკური რაკეტა. მან დაამატა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბოლო კვირებში ბალისტიკური რაკეტების მიყოლებით გამოცდა სავალალოა. 

პრემიერმინისტრმა კიშიდამ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანია გადადო და ტოკიოში პრობლემაზე სამსჯელოდ დაბრუნდა. 

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები და რაკეტა ზებგერითი ქობინით, როგორც ამას თავად ამბობენ, სექტემბრის შუა რიცხვებში გამოსცადა.

კომენტარები