ჩინეთი

FT: ჩინეთმა ბირთვული შესაძლებლობების მქონე ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა გამოცადა

​2021 წლის აგვისტოში ჩინეთმა ბირთვული შესაძლებლობების მქონე ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა გამოცადა, რომელმაც სამიზნეს დარტყმამდე ჯერ დედამიწას შემოუფრინა. ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანახმად, რაკეტის არსებობდა აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებისთვის მოულოდნელობა იყო.

საკითხში გათვითცნობიერებული 5 ადამიანის თანახმად, ჩინეთის სამხედრო ძალების რაკეტამ დედამიწის დაბალ ორბიტაში იფრინა, დედამიწას შემოუფრინა და სამიზნეს რამდენიმე ათეული მილით აცდა. წყაროს თანახმად, რაკეტის გამოცდა აჩვენებს, რომ ჩინეთმა დიდ პროგრესს მიაღწია ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავებაში და ეს პროგრესი იმაზე დიდია, ვიდრე ამას აშშ ვარაუდობდა.

"წარმოდგენა არ გვაქვს, ეს როგორ გააკეთს" – ციტირებს Financial Times-ი თავის ერთ-ერთ წყაროს.

ჰიპერბგერით იარაღის შემუშავებაზე აშშ, რუსეთი და ჩინეთი მუშაობს. მართვადი სამხედრო სარაკეტო ბლოკის რაკეტით გაშვების შემდეგ ის დედამიწის დაბალ ორბიტაზე საკუთარი აჩქარებით მოძრაობს. ამ ტიპის რაკეტის სიჩქარე 5-ჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს, თუმცა ბალისტიკურ რაკეტაზე უფრო ნელია. ბალისტიკური რაკეტისგან განსხვავებით ახალი ტიპის რაკეტა წინასწარ განსაზღვრულ პარაბოლურ ტრაექტორიას არ მიჰყვება და მართვადია, რაც მის აღმოჩენას ართულებს

ტელორ ფრაველის, ჩინეთის ბირთვული იარაღის საკითხების ექსპერტის თანახმად, ჰიპერბგერითი სამხედრო სარაკეტო ბლოკმა, რომელიც ბირთვული ქობინით არის აღჭურვილი, ჩინეთს შეიძლება შესაძლებლობა მისცეს აშშ-ს ანტისარაკეტო სისტემას, რომელიც ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ არის შემუშავებული, გვერდი აუაროს. ფარველი აღნიშნავს, რომ თუ ჩინეთი ამ ტიპის იარაღის ტექნოლოგიას ბოლომდე დახვეწს, ამას შეიძლება "დესტაბილიზაციის" ეფექტი ჰქონდეს, თუმცა ეს კონკრეტული ტესტი ჯერ არ ნიშნავს, რომ ჩინეთმა ახალი ტიპის იარაღი უკვე დახვეწა.

ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით პენტაგონს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია და თუმცა ჩინეთთან დაკავშირებული საფრთხე უწყებამ კიდევ ერთხელ აღნიშნა.

"ჩვენ ნათლად გამოვხატეთ შეშფოთება ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ჩინეთი ზრდის და რომელბიც რეგიონსა და რეგიონს გარეთ მხოლოდ დაძაბულობას ზრდის. ეს არის ერთი მიზეზი, რის გამოც ჩინეთს ჩვენს ნომერ პირველ გამოწვევად მივიჩნევთ" - თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

ჩინეთის საელჩოს რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა საელჩოს წარმომადგენელმა ლიუ პენგიუმ აღნიშნა, რომ ჩინეთის სამხედრო პოლიტიკა "ბუნებით თავდაცვითია" და მისი სამხედრო განვითარების სამიზნე რომელიმე ქვეყანა არ არის.

"ჩვენ აშშ-სგან განსხვავებით არ გვაქვს სამხედრო ოპერაციების გლობალური სტრატეგია ან გეგმები და ჩვენს ინტერესებში არ არის შეიარაღების რბოლა რომელიმე ქვეყანასთან. ამის საპირისპიროდ, აშშ ბოლო წლებში იგონებს "ჩინეთის საფრთხის" საბაბდებს, რათა გაამართლოს შეიარაღების ზრდა და ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავება. ამან გაამწვავა შეიარაღების ბრძოლა ამ კატეგორიაში და მნიშვნელოვნად დააზიანა გლობალური, სტრატეგიული სტაბილურობა" - თქვა ლიუმ.

ურთიერთობები ვაშინგტონსა და პეკინს შორის გართულებულია. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა. აშშ-ს სამხედრო ძალების მაღალჩინოსნები ჩინეთის მზრდად ბირთვულ შესაძლებლობებზე აქტიურად მიუთითებენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სატელიტური სურათები გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ ჩინეთი ინტერკონტინენტური რაკეტების გამშვებ მექანიზმებს აგებს. ჩინეთი არ არის ჩართული შეიარაღების შემზღუდავ რაიმე საერთაშორისო შეთანხმებაში და უარს ამბობს, აშშ-სთან დაიწყოს მოლაპარაკებები თავის ბირთვული არსენალის და ბირთვულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

კომენტარები