Tbilisi Pride

თაბაგარი: ჩვენს უსახლკარო თანამშრომელს პოლიცია მიათრევდა, გამოსარჩლებისას მეც დამაკავეს

Tbilisi Pride-ის დირექტორი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ გუშინ, 15 ოქტომბერს მათი უსახლკარო თანამშრომელი პოლიციელებს მიჰყავდათ, მას შემდეგ კი, რაც მიზეზზე კითხვა რამდენჯერმე დასვა, ისიც დააკავეს. 

"პოლიციელები მოვიდნენ, შევნიშნე, რომ ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს მიათრევდნენ საკმაოდ უდიერად და გამოვესარჩლეთ, ვიკითხეთ, თუ რატომ მიჰყავდათ და არავინ პასუხი არ გაგვცა, ძაღლივით მიათრევდნენ ჩვენს უსახლკარო თანამშრომელს, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ახლა. მიზეზს ვერ მივხვდით და ამ გამოსარჩლების პროცესში, როცა რამდენჯერმე ვიკითხე, მაგრამ ყველა თევზის სახით მიყურებდა და არავინ პასუხი არ გამცა, ძიძგილაობაში მეც ჩამტენეს მანქანაში. 

1 საათის განმავლობაში ხელბორკილები მედო, წყალს ვითხოვდი და ძლივს მომიტანეს რამდენიმეწუთიანი მუდარის შემდეგ". - ამბობს თაბაგარი ტელეკომპანია პირველთან.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრაიდის წევრები - 3 ადამიანი პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით დააკავეს. ისინი რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. Tbilisi Pride-ის შეფასებით, პოლიცია ამ დრომდე ლგბტ თემის მიმართ ძალადობაზე თვალს ხუჭავდა, მათი წევრების დაკავებით კი სამართალდამცველები თავად გადავიდნენ აქტიურ დევნაზე. 

კომენტარები