მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი: გავაცნობიეროთ, რომ გვჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად

ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის, არც პარტიული და არც რაიმე სხვა ნიშნით, საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის დროა და ამისთვის ყველაზე საჭირო დღეს ერთიანობაა, ძალიან მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს საზოგადოებას, ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად.

ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ, მივუტოვეთ ერთმანეთს, ამას ვწერ ციხის საკნიდან უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ პირველ რიგში ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ.

კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენ ქვეყანას, წინ დიდი ცვლილებები გველის, მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ, გვერდზე გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოციების ტვირთი, რადგან ამის მოშორების გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა.

ერთმანეთზე გაბოროტებულ საზოგადოებას არასდროს დაუყენებია პროგრესის გზაზე საკუთარი ქვეყანა, არასდროს შეუქმნია რამე ფასეული და ყოველთვის დამარცხებულა საკუთარ ბრაზთან და აგრესიასთან, ცივილიზებული ქვეყანა ვერ იქნება დაფუძნებული შუღლზე და თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა,  მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება, უარი რევანშსა და შურისძიებაზე.

გვეყოფა მარცხი, ძირს ნიჰილიზმი, 30-ში ყველანი არჩევნებზე, დავიცვათ თითოეული ხმა და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ ნიკა მელიას გამარჯვება თბილისში, ხატია დეკანოიძის გამარჯვება ქუთაისში, გიორგი კირთაძის გამარჯვება ბათუმში, ანზორ მელიას გამარჯვება ზუგდიდში, დავით კირკიტაძის გამარჯვება რუსთავში, გიგი უგულავას გამარჯვება ფოთში, კობა ნაყოფიას გამარჯვება სენაკში, გიორგი ბოტკოველის გამარჯვება თელავში, იოსებ ბუაძის გამარჯვება ხაშურში, ნიკოლოზ ახალკაცის გამარჯვება ქარელში, გიორგი რობაქიძის გამარჯვება ბაღდათში, სანდრო მეტრეველის გამარჯვება წყალტუბოში, თემურ ჯანაშიას გამარჯვება მარტვილში. ბესო შენგელიას გამარჯვება ხობში, გიორგი ხარჩილავას გამარჯვება წალენჯიხაში, ბადრი ქარჩავას გამარჯვება ჩხოროწყუში, მიშა ობოლაძის გამარჯვება ხელვაჩაურში და ჩვენი ყველას ერთად გამარჯვება საქართველოში

მიხეილ სააკაშვილის წერილი თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

კომენტარები