არჩევნები 2021

ხაზარაძე: ლელო ცაგერში გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს მხარს დაუჭერს

პარტია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ლელო ცაგერში მხარს პარტია საქართველოსთვის მერობის კანდიდატს დაუჭერს მხარს. ხაზარაძის თქმით, მიუხედავად გახარიას მიმართ მისი პირადი დამოკიდებულების და არსებული კითხვებისა, მათ შორის, 20 ივნისზე, მხარდაჭერა ქვეყანაში ერთპარტიულობის დასასრულებლადაა საჭირო.

"ჩემი გადასახედიდან, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ და ვისწავლოთ იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე პოლიტიკა და წყენაა. ადრე თუ გვიან ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს, მე ვენდეტას კი არ ვითხოვ, მე ვითხოვ, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რეალურად რა მოხდა, ვინ როგორ იმოქმედა, იმიტომ, რომ მე ხვალინდელ დღეზე მინდა, ორიენტაცია გავაკეთო და ეს ქვეყანა ჭაობიდან გამოვიყვანო. მეტი ინტერესი არ მაქვს. 

ამ განცხადების უკან არაფერი კონსულტაციები არ იდგა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვლაპარაკობ. ვთქვი და კიდევ ვიმეორებ საჯაროდ, ჩვენ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელს ცაგერში დავუჭერთ მხარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთპარტიული მმართველობა დამთავრდეს საქართველოში. რა მოხდება მომავალში, ამას დრო გვაჩვენებს. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ ოცნებას გამოვართვათ მიტაცებული ხელისუფლება, რომელსაც იყენებს ბოროტად, ქართველი ხალხის წინააღმდეგ". – თქვა ხაზარაძემ ფორმულას ეთერში.

ცაგერში მერობის არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი, გიორგი ნემსაძე (49%) და პარტია საქართველოსთვის კანდიდატი, ბესარიონ ბენდელიანი (35%) გადავიდნენ.

საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები