ინგლისის სამეფო ოჯახი

პოლიციამ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პრინცი ენდრიუს საქმის გამოძიება შეწყვიტა

Daily Beast

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული, ელისაბედ მეორის შვილის, პრინცი ენდრიუს წინააღმდეგ გამოძიება არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყვიტა.

საკუთარ სამშობლოში სამეფო ოჯახის წევრის წინააღმდეგ ყველანაირი გამოძიება დასრულებულია. პრინც ენდრიუს იგივე საქმეზე ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა, ვინაიდან მბრალდებელი ამერიკის მოქალაქეა. 

ელისაბედ მეორეს შვილს ვირჯინია ჯუფრე უჩივის. ქალის თქმით, ენდიუმ მასზე სექსუალურად იძალადა, იმ დროს დაზარალებული 17 წლის იყო. სამეფო ოჯახის წევრს ის ძალის გამოყენებით ჯეფრი ეპშტეინმა მიჰგვარა. ცნობილი ამერიკელი მილიარდერი არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ქსელს მფარველობდა, გავრცელებული მოსაზრებით მისი კლიენტები აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. 2008 წელს ეპშტეინმა ციხეში 13 თვე გაატარა. 2019 წელს მილიარდერის წინააღმდეგ ხელახალი გამოძიება დაიწყო, ბიზნესმენი წინასწარი დაკავების იზოლატორში მკვდარი იპოვეს, გამოძიების აზრით, მან თავი მოიკლა. 

ჯუფრეს მხრიდან სექსუალურ ძალადობაში ბრალდებებმა 2014 წელს გაიჟღერა. წლების განმავლობაში პრინცი კომენტარს არ აკეთებდა, 2019 წელს ჯუფრეს მორიგი ბრალდების შემდეგ სამეფო ოჯახის წევრმა BBC-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც აღიარა ამერიკელ მილიარდერთან მეგობრობა, თუმცა უარჰყო ნებისმიერი ტიპის სექსუალური ძალადობის ბრალდება. 

პრინცი ენდრიუ ელისაბედის მესამე შვილი და მეორე ვაჟია, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრეების რიგში მეცხრეა.

სამეფო ოჯახის წევრის ოფიციალური წარმომადგენლები ყველა ბრალდებას უარყოფენ.

კომენტარები