ნობელის პრემია

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში სამ მეცნიერს მიენიჭა

დევიდ კარდი, ჯოშუა ანგრისტი და გვიდო იმბენსი

2021 წლის ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში სამ მეცნიერს, დევიდ კარდის, ჯოშუა ანგრისტის და გვიდო იმბენსს მიენიჭა.

65 წლის დევიდ კარდის, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორია, ჯილდო შრომის ეკონომიკის დარგში შეტანილი განსაკუთრებული ემპირიული წვლილისთვის გადაეცა. 

მიზეზობრივი კავშირის მეთოდოლოგიურ ანალიზში შეტანილი წვლილისათვის ნობელის პრემია სტენფორდისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების პროფესორებს, 61 წლის ჯოშუა ანგრისტისა და 58 წლის გვიდო იმბენსს მიენიჭათ.  

ე.წ. ბანკირების პრემია 1969 წლიდან გაიცემა. პრემიის დაარსება შვედეთის ცენტრალურ ბანკს უკავშირდება. 1968 წელს რიკსბანკმა ნობელის ფონდში პრემიის უზრუნველსაყოფად აუცილებელი თანხა შეიტანა. პრემიის ოფიციალური სახელწოდებაა "ალფრედ ნობელის სახელობის, რიკსბანკის პრემია ეკონომიკის დარგში."

ეკონომიკაში პრემიის გაცემა არ მოიაზრებოდა ალფრედ ნობელის ანდერძით, თუმცა ჯილდო იმავე წესებით გაიცემა, როგორიც ზუსტ მეცნიერებებში და ლიტერატურაში. სტოკჰოლმში სხვა დარგის კომიტეტებთან ერთად ფუნქციონირებს ნობელის კომიტეტი ეკონომიკის დარგში.

სხვა დარგებისგან განსხვავებით, ეკონომიკის დარგში ნომინანტებს სპეციალისტთა შედარებით მცირე წრე ადგენს. კანდიდატების წარდგენის უფლება გააჩნიათ, შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიისა და დანიის აკადემიის წევრებს, ასევე პრემიის ძველ ლაურეატებს.


2020 წლის ნობელის პრემია ეკონომიკაში ორმა ამერიკელმა მეცნიერმა, პოლ მილგრომმა და რობერტ უილსონმა მოიპოვეს. აკადემიის განმარტებით, მათ ჯილდო აუქციონების თეორიის სრულყოფისა და ახალი ფორმატის აუქციონების შექმნისთვის გადაეცათ. 

2019 წელს პრემია ეკონომიკის დარგში სამ სპეციალისტს, აბჰედჯიდ ბანერჯის, ესტერ დიუფლოსა და მაიკლ კრემერს გადაეცა. მათ ჯილდო გლობალური სიღარიბის დაძლევის ახალი ექსპერიმენტული მეთოდის შემუშავებისთვის მიიღეს.

2018 წელს პრემია ორ ამერიკელ ეკონომისტს, უილიამ ნორდჰაუსს და პოლ რომერს გადაეცა. რომერმა და ნორდჰაუსმა შეიმუშავეს გლობალური ეკონომიკის მდგრადი ზრდის სამეცნიერო მოდელი და დაადგინეს, თუ რა გავლენა ექნება კლიმატის ცვლილებას მსოფლიოს ეკონომიკის ზრდაზე. 

კომენტარები