ნობელის პრემია

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში იაპონიაში ატომურ აფეთქებას გადარჩენილების ჯგუფმა მიიღო

Niklas Elmehed/Nobel Prize Outreach

2024 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში იაპონურ ორგანიზაციას, იაპონიის ატომური და წყალბადის ბომბის მსხვერპლთა ორგანიზაციების კონფედერაციას, იგივე ნიჰონ ჰიდანკიოს გადაეცა.

ორგანიზაცია 1956 წელს ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ბირთვული ბომბის აფეთქების მსხვერპლებმა დააარსეს. ჯგუფის მიზანია, ატომური იარაღის კატასტროფული შედეგების შესახებ ცნობიერება აამაღლონ, რასაც თვითმხილველთა ჩვენებებისა და მონაყოლის საშუალებით ცდილობენ.

ნობელის კომიტეტმა ჯგუფს მშვიდობის პრემია გადასცა "ბირთვულ იარაღს მოკლებული მსოფლიოს მისაღწევად მისი გაწეული ძალისხმევისთვისა და  თვითმხილველთა ჩვენების საშუალებით იმის ჩვენებისთვის, რომ ბირთვული იარაღი აღარასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული".

ნობელის პრემიის კომიტეტი აღნიშნავს, რომ ამ იაპონურმა ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე საერთაშორისო "ბირთვული ტაბუს" შექმნაში. კომიტეტის თქმით, ე.წ. ჰიბაკუშას, ჰიროშიმასა და ნაგასაკის გადარჩენილთა, ჩვენებები "ამ ფართო კონტექსტში უნიკალურია".

"1945 წლის აგვისტოს ატომური თავდასხმების საპასუხოდ გლობალური მოძრაობა წარმოიქმნა, რომლის წევრებიც დაუღალავად მუშაობდნენ, რათა ბირთვული იარაღის გამოყენების კატასტროფული ჰუმანიტარული შედეგების შესახებ ცნობიერება აემაღლებინათ. ეტაპობრივად, ძლიერი საერთაშორისო ნორმა განვითარდა, რომლითაც ბირთვული იარაღის გამოყენება სტიგმატიზებულია და მორალურად მიუღებლად არის მიჩნეული. ეს ნორმა ცნობილი გახდა, როგორც "ბირთვული ტაბუ".

ამ ისტორიულმა თვითმხილველებმა წვლილი შეიტანეს ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ ფართოდ გავრცელებული წინააღმდეგობის შექმნასა და შენარჩუნებაში. ამისთვის ისინი პირად ამბებს დაეყრდნენ, თავიანთი გამოცდილების საფუძველზე საგანმანათლებლო კამპანიები შექმნეს და ბირთვული იარაღის გამოყენებისა და გავრცელების წინააღმდეგ გადაუდებელი გაფრთხილებები გაავრცელეს". - წერია ნობელის პრემიის კომიტეტის განცხადებაში.

 კომიტეტი აღნიშნავს, რომ წლევანდელი გადაწყვეტილება მტკიცედ ეფუძნება ალფრედ ნობელის ანდერძს.

"ნიჰონ ჰიდანკიომ თვითმხილველთა ათასობით ჩვენება წარმოადგინა, გამოაქვეყნა რეზოლუციები და საჯარო მიმართვები და გაეროსა და სხვადასხვა სამშვიდობო კონფერენციებზე ყოველწლიურად დელეგაციებს აგზავნიდა, რათა მსოფლიოსთვის ბირთვული განიარაღების მწვავე საჭიროების შესახებ შეეხსენებინა". - წერია კომიტეტის განცხადებაში.

კომენტარები