კრიმინალი

შსს: ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები - 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს. უწყების ცნობით, ისინი თბილისში, წყნეთში დააკავეს. 

"სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი ა. ჭ. და გ.კ. ქალაქ თბილისში, წყნეთში დააკავეს. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები". - წერია განცხადებაში.

სასამართლომ 2000 წელს დაბადებულ ა.ჭ.-ს და 1999 წელს დაბადებულ გ.კ.-ს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა 20 სექტემბერს შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 15 სექტემბერს ნაქირავები მანქანით ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ, მათივე ცნობით, გარდაცვლილს 10-ზე მეტი ტყვია ა.ჭ.-მ ესროლა. 

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა". - წერია განცხადებაში. 

სხეულზე მიყენებული დაზიანებებით კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები