NATO- საქართველო

სტოლტენბერგი: როცა NATO საქართველო-უკრაინის მზაობაზე შეთანხმდება, ისინი გაწევრიანდებიან

იენს სტოლტენბერგი
Reuters

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტუკურ ალიანსში გაწევრიანებასა და ზოგადად ორგანიზაციის გაფართოებაზე ისაუბრა, როდესაც ის ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

სტოლტენბერგმა ისაუბრა გავრცელებულ შეხედულებაზე, რომ ალიანსის მცირე მეზობლების NATO-ში გაწევრიანება რუსეთის გამოწვევა და პროვოკაციაა. მისი თქმით, ეს აზრი არღვევს სუვერენული სახელმწიფოების უფლებას, აირჩიონ საკუთარი გზა.

"ვფიქრობ, პირველ რიგში, მნშვნელოვანია ზოგად, ელემენტარულ პრინციპებსა და ღირებულებებზე შეთანხმება. საკუთარი გზის არჩევა ყველა სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა. ის აზრი, რომ მცირე მეზობლების NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის პროვოკაციაა, აბსოლუტურად არასწორია. პროვოკაცია ამის გაკეთებაა, ვინც ამას ამბობს. ეს ხაზგასმულია სხვადასხვა საბუთებში, შეთანხმებებსა და ზავებში, განსაკუთრებით ჰელსინკის საბოლოო აქტში, რომ, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას საკუთარი გზის არჩევის უფლება აქვს. NATO-ში შესვლა-არშესვლის სურვილი დამოკიდებულია ინდივიდუალურ, სუვერენულ ქვეყანაზე. შესაბამისად, გახდება თუ არა ქვეყანა NATO-ს წევრი, მხოლოდ მსურველი სახელმწიფოსა და NATO-ს მოკავშირეების გადასაწყვეტია. სხვა არავის. ეს მესიჯი, რომ ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის NATO-ში შესვლა რუსეთისთვის პროვოკაციაა, გვაჩვენებს, რომ რუსეთს სურს ისეთი მსოფლიო წესრიგი, სადაც გავლენის სფერო აქვთ. სადაც არსებობს რუსეთი და შემდეგ კონტროლირებადი მეზობლები. ეს ის მსოფლიოა, სადაც ცხოვრებას არ ვისურვებდი. წლების განმავლობაში ამ მსოფლიოსგან დასაშორებლად ვიბრძოდი", – ამბობს სტოლტენბერგი.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა უშუალოდ საქართველოსა და უკრაინის ორგანიზაციაში გაწევრიანებაზეც. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეები გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს უფრო აქტიურად უნდა დაეხმარონ. მისი თქმით, როდესაც NATO-ს ოცდაათივე წევრი გადაწყვეტს, რომ საქართველო და უკრაინა გაწევრიანებისთვის მზად არიან, ეს ასეც მოხდება. 

"რა თქმა უნდა, მხოლოდ NATO-ს წევრების, უკრაინისა და საქართველოს გადასაწყვეტია, როდის იქნებიან გაწევრიანებისთვის მზად. არა რუსეთის. სხვა არავის. ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მოდერნიზაციას, რეფორმების გატარებას, რათა NATO-ს სტანდარტები დააკმაყოფილონ. როდესაც 30 მოკავშირე შეთანხმდება, რომ ისინი გაწევრიანებისთვის მზად არიან, ისინი გაწევრიანდებიან. არ ვიცი ეს როდის იქნება, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა. რა თქმა უნდა, ეს ხვალ არ მოხდება. 

შესაბამისად, ჩემი მესიჯი NATO-ს წევრების მიმართ, ასევე, ის, რაც გუშინ პრეზიდენტ ბაიდენთან განვიხილე, არის ის, რომ ჩვენ ნაბიჯი უნდა დავაჩქაროთ და გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის მეტი უნდა გავაკეთოთ. რადგან, სანამ ისინი წევრები არ არიან, ჩვენ მათ მეტი მხარდაჭერით, მეტი ვარჯიშით, შესაძლებლობების განვითარებით, რეფორმების გატარებით, კორუფციასთან ბრძოლით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუციების შექმნით უნდა დავეხმაროთ. უნდა შევთანხმდეთ, რომ არაფერსა და სრულ წევრობას შორის ბევრი რამაა. ესაა, რასაც NATO-ში მონდომებით მოვითხოვ და ვიმედოვნებ მომდევნო სამიტზე ამბიციურ გადაწყვეტილებებამდე მივალთ", – თქვა სტოლტენბერგმა. 

კომენტარები