Squid Game

SQUID GAME-ის წინამორბედი ათი ფილმი

CNN

Netflix-ზე გამოსული სამხრეთკორეული სერიალი Squid Game ნახვების რეკორდებს ხსნის. სპეციალისტების პროგნოზით შოუ შესაძლოა სტრიმინგის სერვისის ყველაზე ნახვადი პროდუქტი გახდეს. 

სერიალის მოქმედება გასაიდუმლოებულ კუნძულზე ვითარდება, სადაც სხვადასხვა ადამიანები სასიკვდილო თამაშებში იღებენ მონაწილეობას. 456 მოთამაშიდან მხოლოდ ერთ გადარჩენილს შეხვდება კოლოსალური ფულადი ჯილდო. 

გამოსვლიდან მოკლე დროში Squid Game ნამდვილი სენსაცია გახდა. ყურადღების ცენტრში არიან შემქმნელები და მსახიობები, მაყურებლები კი მეორე სეზონს ელოდებიან, რომელიც ჯერ არ დაანონსებულა. 

ახალი სეზონის გამოსვლამდე გთავაზობთ მსგავსი ფილმების ათეულს, რომლებიც Squid Game-დე რამდენიმე, ზოგ შემთხვევაში კი ათეული წლით ადრე გამოვიდა.

ბუზთა ბატონი/Lord of The Flies

1963 წელს გადაღებული ფილმი, ნობელიანტი ავტორის, უილიამ გოლდინგის ბესტსელერის ეკრანიზაციაა. სიუჟეტის ცენტრში ავიაკატასტროფის შედეგად კუნძულზე მოხვედრილი მოზარდები არიან. ველურ პირობებში, უფროსების გარეშე დარჩენილი ახალგაზრდების თანაარსებობა დროსთან ერთად სულ უფრო რთული და ძალადობრივი ხდება და ტრაგედიით სრულდება. 1954 წელს დაწერილი რომანი არაერთი წიგნის, ფილმისა, თუ სერიალის ინსპირაციის წყარო გახდა. წიგნის მიხედვით 1990 წელს კიდევ ერთი ეკრანიზაციაა გადაღებული, რომელიც 60-იანების ვერსიას ხარისხით ოდნავ ჩამოუვარდება. 

სამეფო ბრძოლა/Battle Royale

Squid Game-ს ბევრმა კინოკრიტიკოსმა კორეული სამეფო ბრძოლა უწოდა, თავად სამეფო ბრძოლა თავის დროზე ბევრმა იაპონურ ბუზთა ბატონად მონათლა. ანტიუტოპიის მოქმედება დიად აღმოსავლეთ აზიაში ვითარდება - ასე ეწოდება გამოგონილ სუპერსახელმწიფოს, რომლის ნაწილი იაპონიაა. მთავრობის გადაწყვეტილებით სკოლის მოსწავლეებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა “საგანმანათლებლო პროექტში” სახელად სამეფო ბრძოლა. პროექტის მონაწილეებს კუნძულზე ტოვებენ, მათ ერთმანეთის გასანადგურებლად 3 დღე ეძლევათ, უკანასკნელი გადარჩენილი თავისუფლებას მოიპოვებს. კოსიუნა ტაკამის რომანის ეკრანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაყვანისმცემელია კვენტინ ტარანტინო, რეჟისორმა მძაფრსიუჟეტიანი სურათი საყვარელი ფილმების ჩამონათვალში არაერთხელ შეიყვანა. სამეფო ბრძოლას მეორე ნაწილიც აქვს, რომელიც 2003 წელს გამოვიდა.


შიმშილის თამაშები/Hunger Games

სიუზან კოლინსის რომანების ეკრანიზაციის მოქმედება დისტოპიურ სახელმწიფოში, პანემში ვითარდება. 12 რაიონისგან შემდგარ ქვეყანაში ოდესღაც აჯანყება მოხდა, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჩაახშო. მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება შიმშილის თამაშები, სამკვდრო-სასიცოცხლო შეჯიბრი, რომელშიც თითოეული რეგიონიდან 12-18 წლის ასაკის, გოგო და ბიჭი იღებენ მონაწილეობას. აჯანყებაზე საპასუხოდ სასჯელად გამოგონილი გლადიატორთა ბრძოლა, დროსთან ერთად ყველაზე პოპულარული შოუ გახდა, რომელშიც მონაწილეობა მრავალი ადამიანისთვის დიდი პატივი, გამდიდრებისა და მძიმე ყოველდღიურობიდან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალებაა. ოთხივე ნაწილში მთავარი გმირის, კეტნის ევერდინის როლს ოსკაროსანი ჯენიფერ ლოურენსი ასრულებს.


კუბი/Cube

კანადური დამოუკიდებელი სამეცნიერო-ფანტასტიკური ტრილერის მთავარი გმირები ოთანში იღვიძებენ, რომელიც უსასრულო ლაბირინთის ნაწილია. ექვსი უცნობი ადამიანი ლაბირინთდან გაღწევას ცდილობს, მათ სასიკვდილო მახეები, შიმშილი, წყურვილი და ერთმანეთისადმი უნდობლობა უშლით ხელს. ფილმი 90-იანი წლების მეორე ნახევარში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მოგვიანებით კუბის ორი გაგრძელება და იაპონური რიმეიქი გამოვიდა. მცირე ბიუჯეტის მიუხედავად ფილმმა სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებში საკულტოს სტატუსი მოიპოვა, კუბის გავლენა იგრძნობა ხერხის ფრენჩაიზშიც.

ხერხი/Saw

ხერხს, 17-წლიანი ისტორია აქვს. 2004 წლიდან დღემდე ცხრა სურათია გამოსული. პირველი ნაწილი კლაუსტროფობიური დეტექტივის ჟანრშია გადაწყვეტილი.სიუჟეტის ცენტრში ერთ ოთახში დატყვევებული ორი ადამიანია, უცნობი გამტაცებელი მათ რთულ დავალებებს აძლევს, თავისუფლების მოსაპოვებლად ტყვეებმა მითითებები ზედმიწევნით უნდა შეასრულონ. მომდევნო ნაწილების დამსახურებით ხერხი საშინელებათა ფილმების ფრენჩაიზად გარდაიქმნა, სამწუხაროდ გაგრძელებებში იკლო დეტექტიურმა ელემენტებმა, მეტი ყურადღება დაეთმო მახეების ბრუტალურობასა და გრაფიკულ ძალადობას. 

მორბენალი ადამიანი/Running Man

სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაციაში მთავარ როლს იმ დროს მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის მთავარი ვარსკვლავი არნოლდ შვარცენეგერი ასრულებს. 2017 წელს, მძიმე ეკონომიკური კრიზის შემდეგ ამერიკა პოლიციური სახელმწიფო გახდა. უარაფროდ დარჩენილ მოსახლეობას მთავრობა სატელევიზიო შოუ მორბენალი ადამიანით ართობს. შოუს მონაწილეები სიკვდილმისჯილი დამნაშავეები არიან, რომლებზეც შეიარაღებული ადამიანები ნადირობენ. ყოფილი სამხედრო ბენ რიჩარდსი უდანაშაულოა, რომელიც ჯერ ციხეში, შემდეგ კი შოუში ხვდება. მთავარი გმირი ნადავლად ყოფნას არ აპირებს და მდევარს სასტიკად უსწორდება.

13

ფრანგული დრამა გელა ბაბლუანის სადებიუტო ნამუშევარია. მთავარი გმირი საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია, რომელიც მშენებლობაზე მუშაობით ირჩენს თავს. ახალგაზრდა კაცი სრულიად შემთხვევით გავლენიანი კრიმინალების მიერ ორგანიზებულ “რუსული რულეტის" ტურნირზე ხვდება. თამაშის წესებით შეჯიბრს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ეყოლება და სიცოცხლესთან ერთად საჩუქრად დიდ ფულად ჯილდოს მიიღებს. ფილმმა სანდენსის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი, ასევე ვენეციის კინოფესტივალის ორი ჯილდო მიიღო. 2010 წელს გელა ბაბლუანმა ამერიკული ვერსია გადაიღო, რომელშიც მთავარ როლებს სემ რაილი, ჯეისონ სტეტჰემი და მიკი რურკი ასრულებენ.

ექსპერიმენტი ბელკო/Belko Experiment

Belko Industries საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ოფისი კოლუმბიაში მდებარეობს. 80 ადამიანის ყოველდღიური რუტინა მაშინ ირღვევა, როდესაც ერთ არაფრით გამორჩეულ სამუშაო დღეს, შენობის ყველა გასასვლელი ჩაიკეტება. გამომწყვდეულ თანამშრომლებს კი უცნობი ხმა სასიკვდილო თამაშის წესებს აცნობს. დაბალბიუჯეტიანი ტრილერის სცენარი გალაქტიკის მცველების რეჟისორს, ჯეიმს განს ეკუთვნის. ფილმი ერთგვარი სისხლიანი ქილიკია კორპორაციულ კულტურაზე და კარიერისტებზე, რომლებსაც ტყუილად არ ეძახიან ოფისის ვირთხებს.

პლატფორმა/Platform

პლატფორმა ესპანური სოციალური სამეცნიერო ფანტასტიკური ჰორორია, რომელმაც ტორონტოს კინოფესტივალის ერთ-ერთი ჯილდო მიიღო. გამარჯვების შემდეგ ფილმი Netflix-მა შეიძინა და სტრიმინგის სერვისზე განათავსა. სურათის მოქმედება მრავალსართულიან კოშკში ვითარდება, ყოველდღიურად ბოლო სართულიდან პირველისკენ საჭმლით დატვირთული პლატფორმა მიემართება, თითოეულ სართულზე ორი პატიმარი ცხოვრობს, საკვები ყველა პატიმრისთვის არის გათვლილი, თუმცა მაღალ სართულებზე ადამიანები ქეიფობენ, ხოლო ქვედა სართულებზე შიმშილი და კანიბალიზმი მეფობს. 

წრე/Circle

50 ადამიანი იდუმალებით მოცულ ბნელ ოთახში ფხიზლდება. ორ წუთში ერთხელ ერთი მონაწილე იღუპება, მოთამაშეები გარკვეული დროის შემდეგ თამაშის პრინციპებში ერკვევიან, როგორც ირკვევა მონაწილეებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ ვინ მოკვდება, იწყება დაუნდობელი ბრძოლა სიცოცხლისთვის. სცენარის ავტორების თქმით ფილმი 12 განრისხებული კაცის ერთგვარი რიმეიქია, რომელშიც კუბის ესთეტიკა იგრძნობა. პროდიუსერმა მაიკლ ნარდელიმ აღნიშნა, რომ ფილმმა მსახიობებზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა და რამდენიმე მათგანს გადაღებების დასრულების შემდეგაც გაუჭირდა როლიდან გამოსვლა.

კომენტარები