საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინაში, ნიდერლანდებში, პოლონეთსა და შვედეთში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიდერლანდების სამეფოში, პოლონეთის რესპუბლიკაში, უკრაინაში და შვედეთსა საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ. უწყების განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით სოლომონია დაინიშნა. პოლონეთის რესპუბლიკაში – ზურაბ ბერიძე. შვედეთში საქართველოს ელჩად ირაკლი ხუცურაული დაინიშნა.

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად პირველი ოქტომბრიდან გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა, გიორგი ზაქარაშვილი 2019 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.

საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, 2020 წლის 8 მაისს თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა. შარაშენიძე უკრაინიდან მას შემდეგ გამოიძახეს, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. შარაშენიძე ქალაქ კიევში 2021 წლის 21 აპრილს დაბრუნდა. სამინისტროს ინფორმაციით, შარაშენიძე უკრაინიდან გამოწვეული იქნა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან და იგი საქმიანობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს.

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა. 2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ.

კომენტარები