არჩევნები 2021

პოლარიზაცია, დაშინება, მოსყიდვა, არათანასწორი პირობები – EU-ს შეფასება 2021 წლის არჩევნებზე

Emerging Europe

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან კოორდინაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ კომენტარს აქვეყნებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა. ასევე, მისია მნიშვნელოვან ხარვეზებად მიიჩნევს დაშინებას, ამომრჩეველთა მოსყიდვას, ზეწოლასა დაპარტიებს შორის არათანასწორ პირობებს.

"ამ მისიამ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული – თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა. საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო კამპანია თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში წარემართათ და რომ არჩევნების დღე მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. მან ასევე ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ხარვეზებს, განსაკუთრებით დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულ და თანმიმდევრულ განცხადებებს და არათანასწორ საასპარეზო პირობებს. გარდა ამისა, რესურსებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის დაფინასების არასაკმარისი მონიტორინგი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს. საარჩევნო კამპანიაში ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ საჭიროაბ უფრო მეტი ვალდებულების აღება პოლიტიკაში ადეკვატური წარმომადგენლობის უზუნველსაყოფად". – ნათქვამია შეფასებაში.

ევროკავშირის მისია კმაყოფილებას გამოთქვმს, რომ წინასაარჩევნოდ მიღებულმა ცვლილებებმა სამართლებრივი ბაზა არსებითად გააუმჯობესა. თუმცა, აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანი იქნება ოდირის ყველა გაუთვალისწინებელი რეკომენდაციის ინკლუზიურად გათვალისწინება, მათ შორის, მათი, რომელიც შეეხება ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას, საარჩევნო დავის გადაწყვეტის ზოგიერთ ასპექტს და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლის შემდგომ ზომებს.

"სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი რეფორმა აუცილებელია ასევე საარჩევნო საჩივრების განხილვის მიმართ ნდობის გასაზრდელად.

მიმდინარე პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე – ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება.

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. ზემოხსენებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა ნორმად არ უნდა იქცეს. ასევე, ველოდებით სანდო და სწრაფ გამოძიებას ყველა საჩივართან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ძალადობის ჩათვლით". – ნათქვამია განცხადებაში.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021.

კომენტარები