წერეთელი: ზელენსკის პოზიცია ღირსეულია, დაიცვას საკუთარი ქვეყნის მოქალაქე – სააკაშვილი

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ქვეყნის ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება. წერეთლის შეფასებით, ზელენსკის პოზიცია "ძალიან სწორი და ღირსეულია, სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის დასაცავად".

"როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, მას მიაჩნია თავი ვალდებულად, საკუთარი ქვეყნის მოქალაქე დაიცვას, რა თქმა უნდა, როდესაც ეს მოქალაქე არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა უკრაინაში და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. უკრაინა არის გავლენიანი ქვეყანა მსოფლიოში და მისი ლიდერის ამგვარი მონდომება არის სერიოზული ბერკეტი. 

რამდენად გაითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება ამას, ვნახავთ, თუმცა ისინი აუცილებლად შეეცდებიან, რომ ეს კარტი გაათამაშონ და ამით კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ მათი რეპუტაცია ისედაც ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ამის შემდეგ მათი და ქვეყნის რეპუტაცია კიდევ უფრო დაზიანდება. თუმცა, ვფიქრობ, რომ თუ სწორად აღიქვამს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის პრეზიდენტის მესიჯს, ეს იქნება ამ საკითხის გადაჭრის საფუძველი". - ამბობს გიგი წერეთელი.  

ზელენსკის თქმით, უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ.

"​მე როგორც უკრაინის პრეზიდენტი, და თქვენ ეს მშვენივრად იცის, სულ იმას ვაკეთებ, რომ უკრაინის მოქალაქეებს ვაბრუნებ. სხვადასხვა საშუალებებით, რომლებიც მაქვს, რომლებიც ხელისუფლებამ მომცა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუტი, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩო საქართველოში, საქართველოს ელჩის დონეზე და მინისტრთა კაბინეტებს შორის საუბრის დონეზე - ყველანი ვიმუშავებთ ამაზე" - თქვა ზელენსკიმ ბრიფინგზე.

მანამდე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა ზელენსკის პრესმდივნი, სერგეი ნიკიფოროვი.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ამ ახალი ამბით და იმ განცხადებების ტონით, რომელიც საქართველოში სიტუაციის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით კეთდება.

უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს,  გარკვევით განმარტოს ყველა გარემოება და მიზეზი უკრაინის მოქალაქის მიმართ ამ ნაბიჯის გადადგმისა. უკრაინის საელჩოს საქართველოში ჯერაც არ მიუღია დაპატიმრებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი კონსულები უკვე მუშაობენ, რათა მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინონ" - თქვა სერგეი ნიკიფოროვი

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე ქართული ოცნების წევრები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო იყო ყალბი. გარდა ამისა, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

კომენტარები