არჩევნები 2021

სირცხვილია: იქ, სადაც ხმები დამოუკიდებლად უნდა დაგვეთვალა, თითქმის მთელი დღეა შუქი არ არის

არჩევნები
ტაბულა

მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, იმ ქუჩას, სადაც მათი სამუშაო ოფისი მდებარეობს და თვითმმართველობის არჩევნების ხმების დამოუკიდებლად დათვლა უნდა ეწარმოებინათ, თითქმის მთელი დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამასთან ერთად, ისინი წერენ, რომ დამოუკიდებელი დათვლის შედეგები მაინც ექნებათ.

სირცხვილიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამოქალაქო საარჩევნო კომისია დააფუძნა, რომელიც ხმებს დამოუკიდებლად ითვლის და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგს ეწევა.

"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სამოქალაქო საარჩევნო კომისია აწარმოებს ხმების დამოუკიდებელ დათვლას. 

გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ თითქმის მთელი დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდება იმ ქუჩას, სადაც ჩვენი სამუშაო ოფისი მდებარეობს. აღნიშნული სირთულეების მიუხედავად, ამ ეტაპზე ჩვენი გუნდი შეუფერხებლად და აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ საზოგადოებას მალე მივაწოდოთ არჩევნების დამოუკიდებელი დათვლის შედეგები", - წერია განცხადებაში.

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომერჩევლის აქტივობამ 51.92% შეადგინა.

გამოქვეყნდა სამი ტელევეზიის მიერ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლი. ტელეკომპანია ფორმულას ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც Edison Research-მა ჩაატარა, კახა კალაძეს 44% აქვს, ნიკა მელიას - 40%, ხოლო გიორგი გახარიას 7% აქვს.

ტელეკომპანია მთავარის მიერ Ipsos-ისთვის დაკვეთილ ეგზიტპოლში კახა კალაძეს 40.5% აქვს, ნიკა მელიას - 39.9%, ხოლო გიორგი გახარიას 8.9% აქვს.

ორივე ოპოზიციური ტელევიზიის ეგზიტპოლების მიხედვით, თბილისში II ტური უნდა გაიმართოს, თუმცა განსხვავებული მონაცემები აქვს ტელეკომპანია იმედს - Gorbi-ს მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლში 18:00 საათისთვის კახა კალაძეს 51.3% აქვს, ხოლო ნიკა მელიას - 34.6%.

კომენტარები