მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბოკუჩავა: სააკაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში ყველა წესისა და პროცედურის დაცვით შემოვიდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა საპატიმროში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ , მისი თქმით, ქვეყანაში ყველა წესის დაცვით შემოვიდა. 

"ჟურნალისტებს ჰქონდათ ეს კითხვა, ვეცადე, რომ მისგან მომეპოვებინა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ის შემოვიდა ქვეყანაში ყველა წესის და პროცედურის დაცვით, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარს ის არ თვლის მიზანშეწონილად". - ამბობს ბოკუჩავა. 

ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს.

"დღეს დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს, მე დღეს დავინახე მიშა, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნავს - არა საკუთარ თავზე, არა კომფორტზე და პრივილეგიაზე, არა თანამდებობაზე, მხოლოდ და მხოლოდ თავის ქვეყანაზე, რომელზეც არის უზომოდ შეყვარებული. 

[...] შინშილობასთან დაკავშირებით მე ძალიან ვეცადე, რომ ჩემი მოკრძალებული აზრი მომეხსენებინა მისთვის, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, რომ აბსოლუტურად მესმის, რომ ის თავს თვლის პოლიტიკურ პატიმრად, არის პოლიტიკური პატიმარი და ეს ბრალი და მსჯავრი არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივით, თუმცა, მისი გადაწყვეტილებაა, რომ მან გააგრძელოს შიმშილობა". - ამბობს თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.  

გუშინ, 2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

კომენტარები