არჩევნები 2021

შეუსრულებელი დაპირებები, არაფრისმომცემი პროექტები, კორუფცია – კახა კალაძის 4 წელი

არჩევნები 2021

შეუსრულებელი დაპირებები, არაფრისმომცემი პროექტები, კორუფცია – კახა კალაძის 4 წელი

შეუსრულებელი დაპირებები თითქმის ყველა უბანში, კორუფცია, არაფრისმომცემი რეფორმები და ნაწილობრივ განხორციელებული პროექტები - ეს ის საკითხებია, რომლებიც კახა კალაძის მერობის პირველ ვადას გამოარჩევდა.

კალაძე თბილისის მერად 2017 წელს აირჩიეს. ქართული ოცნების გენერალურ მდივანს მერობა მეორე ვადითაც სურს - შესაბამისად, წინასაარჩევნო დაპირებებს მრავლად გასცემს, თუმცა, მანამ, სანამ მათ განვიხილავთ, თვალი იმ პირობებს უნდა გადავავლოთ, რომლებიც მერმა გასცა, თუმცა ამ დრომდე არ შეუსრულებია.

მეტროსადგურების რეაბილიტაცია, ახალი ხაზები, ვაგონების დამატება

"განხორციელდება მეტროს რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები, არსებული მეტროს რეკონსტრუქცია. იგეგმება მეტროს ახალი ხაზების განვითარება. განახლდება თბილისის ავტობუსისა და მიკროავტობუსების პარკი. აქვე მინდა გითხრათ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობა ავტობუსების შეძენა მოგვიწევს, ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ამ ავტობუსების აწყობა და წარმოება მოვახერხოთ საქართველოში და საქართველოში წარმოებული ავტობუსებით მოვახერხოთ უზრუნველყოფა მოთხოვნის, რომელიც თბილისს აქვს". - ამბობდა კახა კალაძე 2017 წლის სექტემბერში, 7-პუნქტიანი გეგმის წარდგენისას.

საქართველოს ავტობუსების წარმოება არ დაუწყია - კალაძის მიერ გაცემული ეს დაპირება არ შესრულებულა. ასევე შეუსრულებელი დარჩა თბილისის მერის მიერ გაცემული უფრო რეალისტური პირობა მეტროს ახალი ხაზების განვითარებასა და "რეაბილიტაციის მასშტაბურ სამუშაოებთან" დაკავშირებით. მრავალ სხვასთან ერთად, ამ დრომდე არ არის განახლებული მეტროსადგური გურამიშვილი, რომელზე მუშაობაც, პირობის მიხედვით,  კალაძის წინამორბედს - დავით ნარმანიას უნდა დაეწყო. ასევე, მგზავრებს ამ დრომდე არ ემსახურება მეტროსადგური გოცირიძე - თბილისის მერიამ მოსახლეობას 2021 წლის თებერვალში ამცნო, რომ მეტროსადგური სამუშაოების გამო იხურებოდა. კახა კალაძე ამ დროს ამტკიცებდა, რომ სამუშაოები მხოლოდ 2 თვის განმავლობაში გაგრძელდებოდა. გაურკვეველია, თუ რატომ გადაწყვიტა თბილისის მერიამ სამუშაოები ტრანსპორტის გახსნისას, თებერვალში დაეწყო, მაშინ, როდესაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით წინა თვეებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო, მერიას კი შეეძლო, ეს პერიოდი გამოეყენებინა. სამუშაოების დაწყებიდან 7 თვე გავიდა - მატარებელი გოცირიძეზე კვლავ არ ჩერდება. 13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ გამოყოფილი 3.5 მლნ-ის მიუხედავად, ბაქანი თავიდან უნდა აშენდეს.

5 წელია მიმდინარეობს ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაც. Პროექტი ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის პერიოდში დაიწყო, თუმცა მეტროს რეაბილიტაციიდან 5 თვეში ჭერი ჩამოინგრა. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ნარმანია ამბობდა, რომ მეტროსადგური უსაფრთხო და კომფორტული იქნებოდა, ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.  

სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია ყვარელმშენმა ჩაატარა - ინცინდენტის მიხუედავად, ამ კომპანიამ კიდევ რამდენიმე ტენდერში გაიმარჯვა და, ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 478 230 ლარი მიიღო. ხელშეკრულების გაფორმების დროს ყვარელმშენი შესყიდვების სამსახურის შავ სიაში იყო - თუმცა, მერიამ კონტრაქტი მაინც გააფორმა. 

დავით ნარმანიას შეცდომები ვერც კახა კალაძემ გამოასწორა, მიუხედავად იმისა, რომ, ფლანგვის დეტექტორის ცნობით, მერიამ ჩამონგრევის შემდეგ 400 000-მდე ლარი დახარჯა.  

"ერთი წელი გავიდა, ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია". - თქვა კახა კალაძემ 2019 წელს. 

სულ 5, ამ განცხადებიდან კი 2 წელი გავიდა და, ბიუჯეტიდან დახარჯული თანხისა და მრავალი დაპირების მიუხედავად, ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი სრულად ამ დრომდე არ არის რეაბილიტირებული. 

თბილისის მერიაში ასევე საუბრობდნენ სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს მშენებლობაზე. კალაძის მერობის პირველი ვადის განმავლობაში არცერთი პროექტი არ განხორციელებულა. 2019 წელს თბილისის მერიამ კონკურსი გამოაცხადა, რომელიც ავსტრიულმა კონპანიამ მოიგო. პროექტი ILF Consulting Engineers-ს უნდა მოემზადებინა.

საკონკურსო პროექტის ბიუჯეტი 12 762 530 ლარი იყო - ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულებულიყო, ამის შემდეგ იგეგმებოდა მშენებლობის დაწყებაზე ტენდერის გამოცხადება, თუმცა სამგორსა და ლილოს, ისევე, როგორც სამგორსა და რუსთავს მეტრო დღემდე არ აკავშირებს.  

საბაგირო ხაზები, რუსთაველისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი ხაზის რეაბილიტაცია

2017 წელს გაცემული დაპირების მიხედვით, კახა კალაძის მერობის პირველი ვადის დროს უნდა განვითარებულიყო საბაგირო ტრანსპორტი და ის ინტეგრირებული უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, მათ შორის, მეტროსთან. პირობის მიხედვით, უნდა აშენებულიყო სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვისუბნის საბაგირო ხაზები. არცერთი მათგან არ აშენებულა.  

თუმცა, 2020 წლის ივლისში თბილისის მერმა თქვა, რომ სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო გზის პროექტზე მუშაობას იწყებდნენ.

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის ინფორმაციით, თბილისის მერიას მიმართეს კითხვით, როდის არის დაგეგმილი საბაგირო გზის აშენება. მერიამ მათ უპასუხა:

"სამგორის და ქვედა ვაზისუბნის დამაკავშირებელი არსებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია ან მის ადგილზე ახალი საბაგირო გზის მოწყობა მიმდინარე წელს დაგეგმილი არ არის. 

ასევე გაცნობებთ, რომ ვაზისუბნის მიმართულებით მეტროპოლიტენის ქსელის გაფართოება არ იგეგმება".

ხელშეკრულება სითი პარკთან

"განხორციელდება მასშტაბური საგზაო იფრასტრუქტურული პროექტები, მოწესრიგდება პარკირების სისტება [...] ამოქმედდება ჯარიმების სამართლიანი სისტემა". - თქვა კახა კალაძემ 2007 წელს, საკუთარი პროგრამის პრეზენტაციაზე.

"ჯარიმების სამართლიანი სისტემის" ასამოქმედებლად 2018 წლის 10 აპრილს სითი პარკს ხელშეკრულება შეუწყვიტა და პარკირების სისტემის მართვა საკუთარ თავზე აიღო. როგორც თბილისის მერი ამბობდა, ნათლად გამოიკვეთა სამართლიანობასა და მაღალ სტანდარტებთან კომპანია სითი პარკის მოქმედებების პრინციპული შეუთავსებლობა.  მისივე თქმით, სითი პარკის მიერ დაწერილი ჯარიმები, რომლებიც შემდეგ გაასაჩივრეს, შემთხვევების 99%-ში მოქალაქეების სასარგებლოდ უქმდებოდა - შესაბამისად, მისივე სიტყვებით, კომპანია ჯარიმების დაწერისას არაკანონიერად მოქმედებდა.

თბილისის მერიამ სითი პარკთან ხელშეკრულება 2007 წელს გააფორმა და მისი მოქმედების ვადა 25 წელი იყო. კალაძე ამტკიცებდა, რომ კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტა ბიუჯეტს არცერთი თეთრი არ დაუჯდებოდა, თუმცა, კომპანიისთვის თბილისის მერიას ბიუჯეტიდან $4.3 მლნ-ის გადახდა მოუწია.  

დენდროლოგიური პარკი თბილისის ზღვაზე

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დედროლოგიური პარკის აღდგენას და კეთილმოწყობას. მე ამაზე უკვე ვისაუბრე, ეს არის ტერიტორია, რომელიც მდებარეობს თბილისის ზღვასთან - დააახლოებით 200 ჰექტარზე არის გადაჭიმული ეს ტყე-პარკი, თუმცა იქ არსებული სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა. გპირდებით, რომ ეს ადგილი თბილისისთვის და თბილისელებისთვის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო დასვენების ადგილი". - თქვა კახა კალაძემ 2017 წელს, გეგმის წარდგენისას.

დაპირებიდან 4 წელი გავიდა - თბილისის მერიას კი დენდროლოგიური პარკი არ აღუდგენია. სატენდერო დოკუმენტაციაში აღწერილი იყო, რომ რეკრეაციული თვალსაზრისით პარკი ყველა ასაკის ადამიანისთვის უნდა ყოფილიყო  საინტერესო - მოწყობილიყო ველობილიკი, დენდროლოგიური ზონები, დაერგოთ მცენარეები. ასევე, განიხილებოდა ტბისა და კუნძულის აღდგენა.

კალაძის მიერ ნახსენები "არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციის" მოგვარების პირობას მისი წინამორბედი - დავით ნარმანიაც დებდა. ნარმანიამ ტერიტორიაზე კამერების წინ ხეები დარგო - ჯამში, მერიამ 826.4 ათასი ლარი დახარჯა. თუმცა, აუდიტის სამსახურის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ხეების მესამედი გახმა.

არაფრისმომცემი რეფორმები და პროექტები

ღამის ეკონომიკა  

თბილისის მერიამ ღამის ეკონომიკის პროექტის განვითარებისთვის 2018 წელს ღამის მერად სერგი გვარჯალაძე დანიშნა. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, გარეუბნების "გაცოცხლება", ახალი სამუშაო ადგილების შექმნა - კალაძის მტკიცებით, ეს იყო ის საკითხები, რომლებზეც ღამის მერს უნდა ემუშავა. ღამის ეკონომიკის ამუშავების პირობის დადებიდან ზუსტად 2 თვეში საქართველოში ყველაზე პოპულარულ სამ საკლუბო სცენაზე სპეციალური დანიშნულების რაზმი შევიდა.  

სერგი გვარჯალაძემ თავი მრავალჯერ ჩაშლილი ტენდერებითა და ბიუჯეტიდან მიღებული დიდი თანხებით დაგვამახსოვრა. მაგალითად, 2020 წელს ღამის ეკონომიკის პროექტისთვის გამოყოფილი 215 000-დან 211 000 გვარჯალაძემ აიღო. ფლაგვის დეტექტორის ინფორმაციით კი, 2018-დან 2020 წლამდე ღამის მერმა ბიუჯეტიდან 121 000 მიიღო.  2018 წელს ღამის მერიაში სულ 3 ადამიანი მუშაობდა, 2019 წელს კი კიდევ ერთი დაემატა - ჯამში, ორი წლის განმავლობაში, მათი ანაზღაურება 94 000 დაჯდა. 2020 წლის აგვისტოში გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა - თბილისის მერიაში ამბობენ, რომ მან "ფაქტობრივად, შეასრულა ის სამუშაო, რომელიც დავალებული ჰქონდა", თუმცა, რა შესრულებულ სამუშაოს გულისხმობენ, უცნობია.

ტაქსების რეფორმა

კახა კალაძის ინიციატივით, 2018 წელს ტაქსების რეფორმის განხორციელება დაიწყო – პირველი ფაზის ფარგლებში, ტაქსის მძღოლებისთვის ლიცენზიის მიღება გახდა სავალდებულო. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ხოლო ჰიბრიდებისთვის 50 ლარია. გარდა ამისა, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალა, დარეგულირდა მანქანის ფერიც – A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლები, რომლებსაც მგზავრის ქუჩიდან აყვანის უფლება აქვთ, ვალდებულები არიან, ტაქსები თეთრად გადაღებონ, ან მათ თეთრი ფირი გადააკრან. B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ეს ვალდებულება არ აქვთ, თუმცა, მათ მგზავრის ქუჩიდან აყვანა არ შეუძლიათ – წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდებიან.  

ტაქსების რეფორმამ მძღოლების უკმაყოფილება გამოიწვია – 2016 წლის მონაცემებით, თეთრი მსუბუქი ავტომობილების წილი მთლიან ავტოპარკში მხოლოდ 16% იყო, შესაბამისად, ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ყოველი 100 მძღოლიდან 84-ს ავტომობილის გადაღებვა ან ინდუსტრიიდან გასვლა მოუწია. გარდა ამისა, მერიამ მძღოლებს ორი გზა – ტაქსის გადაღებვა ან ფირის გადაკვრა შესთავაზა, თუმცა, მძღოლების პროტესტი მანქანის გადაღებვის გამო მისი ფასის კლებამ გამოიწვია. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მანქანის გაყიდვას გადაწყვეტდა, გადაღებილს გაცილებით ნაკლებ ფასად გაყიდდა, ვიდრე იყიდა. საპასუხოდ, კახა კალაძემ მძღოლებს შესთავაზა, მანქანებზე თეთრი ფირი გადაეკრათ, რისთვისაც მერია მათ 700 ლარს გამოუყოფდა. თუმცა, 2019 წლის მონაცემებით, ფირის გადაკვრის ფასები 800 ლარიდან იწყებოდა – მაგალითად, ტაბულას ერთ-ერთ კომპანიაში უთხრეს, რომ ტოიოტა პრიუსისთვის ფირის გადაკვრა 1 200 ლარი დაჯდებოდა, სხვა კომპანიებში კი, შესაძლოა, ღირებულება ბევრად მეტი ყოფილიყო.

ჩამოთვლილი პრობლემების მიუხედავად, კახა კალაძეს სჯერა, რომ ტაქსის მძღოლები რეფორმით კმაყოფილები არიან და ნებისმიერი თეთრი ტაქსის გაჩერებისა და გამოკითხვის შემთხვევაში, 100% თუ არა, 99% მაინც იტყვის, რომ რეფორმა მოსწონს. თბილისის მერმა დაპირებაც გასცა – მისი თქმით, ტაქსების რეფორმა არ დასრულებულა და ნაბიჯებს მომავალშიც გადადგამენ.

ქუჩების მორეცხვა  

თბილისის მერიამ 2020 წელს ქუჩების მორეცხვა დაიწყო - მათი მტკიცებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. თუმცა, არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი კვლევა ან პრაქტიკა, რომ ქუჩების მორეცხვა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური ხერხია. მიუხედავად ოპონენტების კრიტიკისა, რომ დახარჯული თანხის სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე გამოყენება შეიძლებოდა, მერიას ქუჩების რეცხვა არც 2021 წელს შეუწყვეტია - 4 მაისს კახა კალაძემ ცენტრალური ქუჩების მორეცხვის სამუშაოების დაწყება დააანონსა. მერმა ასევე თქვა, რომ სამუშაოების "უმაღლესი ხარისხის სპეცტექნიკით" შესასრულებლად ტექნიკის ყიდვა გადაწყვიტეს და ტენდერი გამოაცხადეს.  

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის სქემის ცვლილება პროექტია, რომლის გამოც კახა კალაძეს ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ. თბილისის მერის ინიციატივით, ჭავჭავაძეზე ავტობუსები სპეციალურად გამოყოფილ, შუა ზოლში მოძრაობენ - მსუბუქი ავტომობილების საპირისპირო მხარეს. შესაბამისად, მანქანებს გზის მხოლოდ პირველი და მეოთხე ზოლი აქვთ დათმობილი. კრიტიკის მიზეზი გახდა გამზირის გახსნის მრავალკჯერ გადადებული თარიღი - რეაბილიტაცია 2019 წლის მაისში დაიწყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ახალი სქემით 2020 წლის აგვისტოში აღდგა.

თბილისის მერი ამბობს, რომ ჭავჭავაძე ქვეითად მოსიარულეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მორგებული პროექტია და ქალბატონებისგან, რომლებიც ქუსლიანი ფეხსაცმლით ხშირად დადიან, კომპლიმენტებს იღებენ, თუმცა, არაფერს ამბობს იმაზე, რომ ერთი ზოლი დისკომფორტია მსუბუქი ავტომობილების მძღოლებისთვის, რომლებიც პიკის საათებში საცობში საათობით დგანან. კახა კალაძე ამ მძღოლებს მოუწოდებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდნენ და ამტკიცებს, რომ ტრანსპორტს თვითონაც ხშირად იყენებს. 

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში თბილისის მერიამ ნაგვის ურნები შეიძინა - თითო 31 000 ლარად. მაია ბითაძე, რომელიც შესყიდვის დროს თბილისის მერის მოადგილე იყო, ამტკიცებს, რომ ეს „სმარტ ურნებია, ამოცნობა შეუძლიათ“. ბითაძის თქმით, მოსახლეობის სპეციალური ტექნიკით აღჭურვის შემთხვევაში ურნა ამოიცნობს, ნაგავს ვინ ყრის. 

პროექტის კრიტიკოსები აღიარებენ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი გაცილებით სწრაფად გადაადგილდება, თუმცა, ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ რეფორმამ მეტად გაზარდა საცობები გამზირის ირგვლივ ქუჩებზე. ამავდროულად, მთავარი კრიტიკა მიემართება იმას, რომ ჭავჭავაძის გამზირი არ წარმოადგენს ერთობლივი, თანმიმდევრული პროექტის ნაწილს. 

სახლების დანგრევა  

კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში 400 უსახლკარო ოჯახია რეგისტრირებული. ოცნების კანდიდატი გვპირდება, რომ 4 წელში არცერთი უსახლკარო თბილისელი არ იქნება. თუმცა იმაზე, რომ უსახლკაროდ დარჩენა პრობლემაა, განსაკუთრებით, ზამთარში, მერს არ უფიქრია, როდესაც 2020 წლის დეკემბერში, პანდემიის დროს, აფრიკის დასახლებაში სახლებს ანგრევდა.

მიუხედავად არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებისა, რომ ზამთარში საცხოვრებელი სახლების ნგრევა არაჰუმანური ნაბიჯია, უსახლკაროთა რიცხვს ზრდის და აჩვენებს, რომ მერიას არ აქვს მგრძნობელობა ამ ჯგუფების მიმართ, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა დასახლებაში 12 სახლი დაანგრიეს.

პარალელურად, კახა კალაძე ამტკიცებდა, რომ მათ, ვინც შენობები უნებართვოდ აშენეს, მიწები და ბინები სხვაგანაც ჰქონდათ - ეს მათი ერთადერთი საცხოვრებელი არ იყო.

"ირკვევა, რომ ბევრ მათგანს, ამ ადამიანებს, ვინც სახელმწიფო მიწებს იტაცებს, აქვს საცხოვრებელი სახლები, არაერთი. სხვადასხვა ქალაქებში, რაიონებში, სოფლებში, მათ შორის, დედაქალაქშიც და არა ერთი. 

ის ვერ იქნება არგუმენტი, რომ მე შევძელი, ოთხ შვილს ოთხი ბინა ვუყიდე, მეხუთე ისე მრჩება და სახელმწიფო მიწა უნდა მივიტაცო. ეს არაფერში არ ჯდება, ეს დამოკიდებულება, ეს მიდგომები. ღმერთმა ყველას შეაძლებინოს და 4 კი არა, 100 ბინა აყიდინოს. არგუმენტად რომ მოგყავს, რომ 4 ბინის ყიდვა შეძელი, მეხუთე შვილი ფორტეპიანოზე უკრავს თუ საქსაფონზე და მეზობლებს აწუხებს და ამის გამო მიწას იტაცებ, არ ვიცი, არაფერში ჯდება". - თქვა კახა კალაძემ.  

წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, სოზარ სუბარი აფრიკის დასახლებაში მოსახლეობას ხვდებოდა და მათ ფართების დაკანონებაზე ესაუბრებოდა. სუბარი ამტკიცებდა, რომ საკითხებს ინდივიდუალურად შეისწავლიდნენ და "ყოველდღიურად ვიცხოვრებ მათთან ერთად, სანამ ეს პრობლემა არ გადაწყდება".

აფრიკის დასახლებაში სახლი დაუნგრიეს ჩანგელიების ოჯახსაც - 8 წლის გიგი ჩანგელიას დედის თქმით, იმ დროისთვის ეს მათი ერთადერთი საცხოვრებელი იყო.  დევნილთა სააგენტო ამტკიცებდა, რომ ჩანგელიების ოჯახს 14 დეკემბერს ზუგდიდში სამოთახიანი ბინა გადასცეს, მაგრამ ადვოკატი ამბობდა, რომ ოჯახს ბინის გასაღებიც კი არ ჰქონდა და კორპუსში არავინ იყო შესახლებული.

კორუფცია

მიკროავტობუსები და ჯი-თი გრუპი  

კახა კალაძე მოსახლეობას ჰპირდება, რომ მისი არჩევის შემთხვევაში 2021 წლის ბოლომდე ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება. მერია ძველს ახალი, FORD-ის მიკროავტობუსებით ანაცვლებს, რომლის შემოსაყვანად ხელშეკრულება ქართული ოცნების შემომწირველი პირის კუთვნილ კომპანიასთან, ჯი-თი გრუპთან დადო.

თბილისის მერიამ კომპანიას ტენდერი კონკრეტულ კომპანიას მოარგო, სატენდერო პირობებში ჩამოთვლილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა მხოლოდ ჯი-თი გრუპი, რომელთანაც თბილისის მერია ხშირად თანამშრომლობს. მაგალითად, ჯი-თი გრუპისგან შეიძინა 2.8 მილიონის ნაგვის ურნები, რომლებიც განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე განთავსდა.  

ტენდერის ღირებულება 30 მილიონი ლარი იყო - თავდაპირველად, 300 მიკროავტობუსზე ტენდერი 2020 წლის აპრილში გამოცხადდა, თუმცა, მერიამ პანდემიის გამო გააუქმა და 15 ივლისს მეორედ გამოაცხადა. გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მომზადებული გამოძიებიდან ვიგებთ, რომ ორივე შემთხვევაში ტენდერი ერთ კონკრეტულ კომპანიაზე იყო მორგებული - შედგენილი იყო ისე, რომ მის პირობებს მხოლოდ FORD-ის მარკის მიკროავტობუსები აკმაყოფილებდნენ, მათი შემომყვანი კი საქართველოში მხოლოდ ჯი-თი გრუპია. მეორედ გამოცხადებისას მერიამ პირობების ნაწილი ამოიღო, თუმცა, მოთხოვნებს ოფიციალური დილერობის 10-წლიანი გამოცდილება დაამატა - რომელსაც ასევე მხოლოდ ჯი-თი გრუპი აკმაყოფილებდა.  

საყურადღებოა, რომ ჯი-თი გრუპი დამფუძნებელმა და დირექტორმა 2016-2018 წლებში ქართულ ოცნებასა და სალომე ზურაბიშვილს 160 000 ლარი შესწირეს.  

ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი

Კალაძის კორუფციულ საქმეებში ჩართულობაზე საუბრისას ოპონენტები ხშირად იხსენებენ ე.წ. Ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტს. 2017 კახა კალაძე ვარკეთილის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის ავარიულ სახლებს ახალი კორპუსებით ჩაანაცვლებდა. იმის შესარჩევად, თუ ვინ ააშენებდა ახალ კორპუსებს, მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში კომპანია ვარკეთილი დეველოპმენტმა გაიმარჯვა.  

ვარკეთილი დეველოპმენტი არქის შვილობილი, ქართული ოცნების დეპუტატისა და კახა კალაძის მეგობრის, ივლიანე წულაიას ძმის, თენგიზ წულაიას კომპანიაა. მერიამ კომპანიას 30 205 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა. სანაცვლოდ, კომპანიამ ავარიული შენობები უნდა ჩაანაცვლოს - პროექტი, კომპანიის ინფორმაციით, 2024 წლისთვის უნდა დასრულდეს. მიწის 1 ლარად გადაცემას მერიაში იმით ხსნიდნენ, რომ ბინების ღირებულება, რომელიც ვარკეთილი დეველოპმენტს უნდა აეშენებინა, მიწის ღირებულებაზე გაცილებით მეტი იყო.

"7 500 კვადრატი დასრულებული, აშენებული ბინები გაცილებით მეტი არის ღირებულებაში, ვიდრე მისი დღევანდელი საბაზრო ღირებულება, როგორც მიწის". - ამბობდა ირაკლი თავართქილაძე, მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი.   

კორუფცია მერიაში

კახა კალაძე კორუფციაზე საუბრისას ხშირად ამბობს, რომ ასეთ მიდგომას "არავის გაუტარებენ" და "ვინც კორუფციას იკადრებს, თავისი ფეხით ეძებოს ციხის კარები". ფაქტია, რომ მერიის თანამშრომლები კორუფციულ საქმეებში ხშირად არიან ჩართული.

2021 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უნებართვოს აშენებული შენობები დაანგრია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების გამო თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავა. მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა დასახლებაში უკანონო მშენებლობის მფარველობისა და სახდელისგან გათაბოსუფლების სანაცვლოდ ქრთამი, 2500 ლარი აიღო.  

იმას, რომ კანონის დარღვევას "არავის გაუტარებენ", ამბობდა მერი მაშინაც, როდესაც ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე დააკავეს - მან კომპანიას მოსთხოვა, ტენდერში მონაწილეობა არ მიეღო, წინააღმდეგობის შემდეგ კი პრობლემები ხელოვნურად შეუქმნა.  

26 აგვისტოს გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული გზა ჩავარდა. თბილისის მერია ამას უხვი ნალექის მოსვლით ხსნიდა, თუმცა, გაურკვეველია, რატომ ვერ გაითვალისწინა მერიამ გზის რეაბილიტაციისას ნალექი. თუმცა, კალაძემ მოკვლევის დასრულების შემდეგ თქვა, რომ სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა და გზის ჩავარდნის მიზეზი “სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობა” იყო. გზის ჩავარდნა ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციასგან დაკავშირებილი მხოლოდ ერთი პრობლემა არ ყოფილა. 2020 წლის 30 დეკემბერს კალძემ თქვა, რომ თბილისის მერიამ რეაბილიტაციისას ამოღებული 500 ტონა მილები დაკარგა და ზარალი 200 000 ლარია. უცნობია, ვინ მოიპარა მერიის მიერ დასაწყობებული მილები - საქმე საქართველოს პროკურატურას გადაეცა. 

28 სექტემბერს ევროპული საქართველოს მხარდამჭერებმა თბილისში პოსტერები გააკრეს. იმავე ღამით თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა პოსტერები ჩამოხია. ორი დღის შემდეგ ქალაქში თითქმის ყველა პოსტერი ჩამოხეულია, თუმცა ადგილზეა "სისხლიანი" ბანერი, რომელზეც ოპოზიციის წევრები და კრიტიკული მედიის მენეჯერები არიან გამოსახული. 

რით დაამახსოვრა თბილისის მერმა თავი მედიას? - არსებულ მრავალ პრობლემაზე კრიტიკის საპასუხოდ კახა კალაძე ფულს "სიმართლის მუშტის ცხვირ-პირში მოსახვედრად" გაკეთებულ პროექტში ხარჯავდა, ტელეკომპანია პირველის, მთავარისა და ფორმულას სისხლიანი ლოგოების ფონზე მერი "ფეიკ ნიუსებს ებრძოდა". წინასაარჩევნო პერიოდში "სისხლიანი" ბანერების გამოჩენის მიუხედავად, თბილისის მერი ამტკიცებს, რომ მის ვერცერთ განცხადებას ვერ ვნახავთ, ვინმეს მიმართ სიძულვილის ენა გამოეყენებინოს, თუმცა, ეს იგივე მერია, რომელმაც ოპოზიციას მთაწმინდიდან "გამოქანება“ ურჩია, ჟურნალისტს კი უთხრა, რომ საახალწლო ნაძვის ხის "სიგრძე და სიგანე" ეყოფოდა.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება - ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ მათ "პოზიტიური კამპანია" აქვთ და პარტიის სოციოლოგიური კვლევებით კახა კალაძეს მოსახლეობის 57.9% უჭერს მხარს.

კომენტარები