უკრაინა-უნგრეთი

უნგრეთსა და გაზპრომს შორის გაფორმებული შეთანხმებისთვის, უკრაინამ უნგრეთის ელჩი გამოიძახა

27 სექტემბერს, უნგრეთსა და რუსულ ენერგოკომპანია გაზპრომს შორის, გაფორმდა მრავალწლიანი კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივი აირის რუსეთიდან უნგრეთისთვის მიწოდებას, უკრაინის გვერდის ავლით. ამ შეთანხმებით უკმაყოფილო უკრაინულმა მხარემ, საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი, იშტვან იიდარტო გამოიძახა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ მათ საპასუხოდ, უნგრეთში გამოიძახეს უკრაინის ელჩი, ლიუბოვ ნეპოპი.

"ვადასტურებ [უნგრეთში უკრაინის ელჩის გამოძახებას]. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ანალოგიურად იწვევს უნგრეთის ელჩს კიევში, რათა გავაგებინოთ ჩვენი პრინციპული პოზიცია: ბუნებრივი აირის უკრაინის შემოვლით ტრანსპორტირება აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და ევროპის ენერგოუსაფრთხოებას, ხოლო გაზპრომთან უნგრეთის ახალი შეთანხმება სერიოზული დარტყმაა უკრაინულ-უნგრული ურთიერთობისთვის", – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ და დაამატა, რომ უკრაინა ეროვნული ინტერესების დასაცავად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. 

საპასუხოდ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ უკრაინის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ რეაქციას აღმაშფოთებელი უწოდა და თქვა, რომ ეს მათი სუვერენიტეტის დარღვევაა. მან უკრაინის ნაბიჯს არამეგობრული უწოდა. 

კომენტარები