ფარული მოსმენა

ბოკერია მასალებზე: ხელისუფლება ებრძვის არა ჩვენს მტერს, აკონტროლებს საზოგადოების ყველა შრეს

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლის" და გადადგომას არ აპირებს. 

ბოკერია ამბობს, რომ თუ კი სუს-ის მასალების ავთენტურობა დადგინდა, დადასტურდება, რომ "ხელისუფლება ებრძვის არა ჩვენი ქვეყნის მტერს, არამედ აკონტროლებს საზოგადოების ყველა შრეს". მისი თქმით, ხელისუფლება ებრძვის არა პუტინის რუსეთს, არამედ საზოგადოების კონტროლისთვის იყენებს სპეცსამსახურებს. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, სრულიად არასერიოზულია ლილუაშვილის განცხადება, რომ გადადგომას არ აპირებს.

"ჩვენ ვნახეთ მათი უტიფარი რიტორიკა, როცა აღშფოთება გამოხატეს ამაზე თუ როგორ გაჟონა და მოღალატეების ძებნა დაიწყეს. ახლა ვხედავთ, რომ საკუთარი ბინძური პროპაგანდის აგება უნდათ ამ ბინძურ მასალებზე. ეს არის ის, რითიც ისინი მართავენ ქვეყანას. ამ მასალებმა, თუკი საბოლოოდ დადასტურდება ავთენტურობა და ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ავთენტურია, დადასტურდება უმძიმესი სურათი, რაც ვიცოდით, რომ ჩვენი ხელისუფლება და სპეცსამსახურები ებრძვის არა ჩვენი ქვეყნის მტერს - პუტინის რუსეთს და მათ ჯაშუშებს, არა ორგანიზებულ დანაშაულს ან შავრაზმულ ჯგუფებს, რომლებიც გადაბმულნი არიან გარე მტერთან, არა - უბრალოდ აკონტროლებს საზოგადოების ყველა შრეს და ყველაზე უფრო შავ-ბნელი განწყობილებების კონტროლით და გამოყენებით სურს ძალაუფლების შენარჩუნება. ამ მასალებით ისიც ირკვევა, რომ სადაც მართლა ლეგიტიმური საფრთხე იკვეთება პუტინის რუსეთთან ჯაშუშური კავშირის, იმის გამოკვლევა არც აინტერესებთ".- ამბობს ბოკერია. 


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები