ელექტროენერგია

წელს საქართველომ რუსეთისგან რეკორდული, 1 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია იყიდა

rbth.com

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2021 წლის 8 თვეში, იანვარ-აგვისტოში, საქართველომ რუსეთისგან რეკორდული რაოდენობის, 1 მილიარდ 049 მილიონ კილოვატ-საათი ელექტროენერგია იყიდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, 386.5 მლნ კვტსთ-ზე, 171.5%-ით მეტია.

ესკოს ბაზაში ელექტროენერგიის იმპორტის სტატისტიკა 2006 წლიდანაა აღრიცხული, შესაბამისად, მინიმუმ, 2006 წლის შემდეგ 2021 წლამდე ამ ოდენობის ელექტროენერგია სხვა წლებში რუსეთიდან საქართველოში არ შემოსულა.

წინა წლებში რუსეთისგან შესყიდული ელექტროენერგიის ოდენა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2020 წელი - 570.6 მლნ კვტსთ;
  • 2019 წელი - 524.5 მლნ კვტსთ;
  • 2018 წელი - 206.5 მლნ კვტსთ;
  • 2017 წელი - 452.2 მლნ კვტსთ;
  • 2016 წელი - 369.2 მლნ კვტსთ;
  • 2015 წელი - 511 მლნ კვტსთ;
  • 2014 წელი - 607 მლნ კვტსთ;
  • 2013 წელი - 460.5 მლნ კვტსთ;
  • 2012 წელი - 517 მლნ კვტსთ.

2021 წლის იანვარ-აგვისტოში, იმპორტის სახით, ქვეყანაში სულ 1.7 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია, მინიმუმ, 2006 წლის შემდეგ. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი 787.6 მლნ კვტსთ-ს შეადგენდა, შესაბამისად, ზრდა წელს თითქმის 117%-ია.

რუსეთის გარდა, წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან 505 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, ხოლო თურქეთიდან 161.2 მლნ კვტსთ შემოვიდა. იმპორტის წილი ადგილობრივ ელექტრომოხმარებაში 22%-ს შეადგენს.

ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთან ერთად, იმპორტის ზრდა, გარკვეულწილად, ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაეობისთვის 3 თვით გაჩერებასაც უკავშირდება. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით ქვეყნის უდიდესი ელექტროსადგური 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა და აპრილის ბოლოს განაახლა მუშაობა, სწორედ ამ პერიოდში შეინიშნება იმპორტის ზრდაც.

იმპორტის ზრდის ამ ფონზე, ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია, ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ჰესი, რომლის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიასაც იმპორტი უნდა ჩაენაცვლებინა, აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის, ENKA İNŞAAT-ის განცხადებაში ვკითხულობთ.

კომენტარები