ვაქცინაცია საქართველოში

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, I დოზით დღეში საშუალოდ მხოლოდ 4 555 ადამიანი იცრება

23 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჯამში 1 700 895 აცრა ჩატარდა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 960 081 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%, აქედან ორჯერადად - 740 814 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 25.9%).

აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვეში აცრების რაოდენობამ იკლო, განსაკუთრებით, პირველ დოზებზე. 1-14 სექტემბრის პერიოდში პირველი დოზით მხოლოდ 117 793 ადამიანი აიცრა - დღეში საშუალოდ 8 413. თუმცა, ბოლო ერთ კვირაში ეს მონაცემი კიდევ უფრო შემცირდა.

16 სექტემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 589 024 აცრა იყო ჩატარებული, აქედან ერთჯერადად 928 192 ადამიანი, ხოლო სრულად - 660 832. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო 7 დღეში სულ 111 871 აცრა ჩატარდა (დღეში საშუალოდ 15 980), აქედან I დოზით აიცრა მხოლოდ 31 889 ადამიანი (დღეში საშუალოდ 4 555), ხოლო მეორე დოზით - 79 982 ადამიანი (დღეში საშუალოდ 11 426).

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოს ბოლოს რამდენჯერმე თქვა, რომ "ჩვენი ამოცანაა, სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი. აქედან ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი იქნება უკვე ორჯერადად აცრილი".

1-15 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ყოველდღიურად პირველი დოზით საშუალოდ მხოლოდ 8 413 ადამიანი იცრებოდა, 1-23 სექტემბრის მონაცემებით, ეს რიცხვი 7 181-მდე შემცირდა, ხოლო ბოლო 1 კვირაში - 4 555-მდე. ამ ტემპით, სექტემბრის დარჩენილ 8 დღეში პირველი დოზით მაქსიმუმ 40 000 ადამიანი აიცრება და სულ მცირე ერთი დოზით, ერთი მილიონი ადამიანი იქნება ვაქცინირებული და არა ორი - რაც პრემიერმინისტრის "ამოცანაა".

ირაკლი ღარიბაშვილის დაპირება და სურვილი რომ ახდეს, ამისთვის დარჩენილ 8 დღეში 125 000 ადამიანი უნდა იცრებოდეს ყოველდღიურად პირველი დოზით, რაც ფაქტობრივად, შეუძლებელია - დღეში აცრის 125 000 მსურველი რომც იყოს, ჯანდაცვის უწყებას ამხელა რესურსი არ აქვს.

აქამდე, უფრო რეალური იყო, რასაც NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე უსვამს ხაზს, რომ სექტემბრის ბოლოს ორი მილიონი აცრა იყოს ჩატარებული. ამაში შედის როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად აცრილები. თუმცა, აცრების ყოველდღიური რაოდენობის შემცირებასთან ერთად, ამის მიღწევის ალბათობაც იკლებს.

იმისთვის, რომ ქვეყანა ოქტომბერს 2 მილიონი ჩატარებული აცრით შეხვდეს, ამ შემთხვევაში, თვის ბოლომდე კიდევ 299 105 აცრა უნდა ჩატარდეს, ანუ დღეში დაახლოებით 37 388. NCDC-ის სტატისტიკით, სექტემბრის გასულ 22 დღეში, აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი საშუალოდ 22 280 იყო, ხოლო ბოლო ერთ კვირაში - 15 980.

კომენტარები