აშშ-ისრაელი

დემოკრატების ზეწოლით, აშშ-ს ბიუჯეტიდან ისრაელის "რკინის გუმბათის" დაფინანსება ამოიღეს

ალექსანდრია ოკასიო-კორტეზი იმ კონგრესმენებიდან ერთ-ერთი იყო, ვინც ბიუჯეტიდან რკინის გუმბათის დაფინანსების ამოღებას ითხოვდა.

დემოკრატების პროგრესული ფრთის კონგრესმენების ზეწოლით, აშშ-ს ბიუჯეტიდან ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის, რკინის გუმბათის $1 მილიარდით დაფინანსების გეგმა ამოიღეს

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ბიუჯეტის საბუთი 30 სექტემბრისთვის უნდა გაატაროს. მას ამისთვის დემოკრატთა მხარდაჭერა სჭირდება, რადგან რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ბიუჯეტის გეგმას მხარს არ დაუჭერენ. 

კონგრესის წარმომადგენელმა The Times of Israel-თან ანონიმურად თქვა, რომ ნენსი პელოსის ბიუჯეტის გეგმიდან რკინის გუმბათის დაფინანსების ამოღებისკენ უბიძგეს კონგრესმენებმა, ალექსანდრია ოკასიო-კორტეზმა და ბეტი მაკკოლუმმა, როსა დელაუროს შუამავლობით. იგივე წყაროს თქმით, თუ გეგმაში რკინის გუმბათის დაფინანსება დარჩებოდა, ბიუჯეტის მიღების საწინააღმდეგოდ ხმის მიცემით იმუქრებოდნენ სხვა დემოკრატი კონგრესმენებიც: რაშიდა თლაიბი, ილჰან ომარი, აიანა პრესლი და პრამილა ჯაიაპალი. ასევე, ანონიმური წყაროს თქმით, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის დაფინანსება 2022 წლის თავდაცვის გეგმაში აუცილებლად შევიდოდა.

კონგრესმენმა ჯამაალ ბოუმენმა გამოცემა Bloomberg-თან თქვა, რომ რკინის გუმბათის დაფინანსების გეგმა ბიუჯეტს გვიან დაამატეს. "ისრაელი არაფერ შუაშია... ბოლო წუთზე რაღაცის განსახილველად შემოგდება და იმის მოლოდინი, რომ ჩვენ ხუთ წუთში გადაწყვეტილებას მივიღებთ, ესაა უფრო დიდი პრობლემა", – თქვა მან.

ფაქტი რესპუბლიკელებმა უარყოფითად შეაფასეს. მათ გარდა, უკმაყოფილება რამდენიმე დემოკრატმა კონგრესმენმაც გამოთქვა. 

"[რკინის გუმბათი] ისრაელში მშვიდობიან მოქალაქეებს ტერორისტების თავდასხმებისგან იცავს და ჩემმა ზოგმა კოლეგამ მისი დაფინანსება დაბლოკა. ჩვენ ისტორიული მოკავშირის, ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი დემოკრატიული სახელმწიფოს გვერდით უნდა ვიყოთ", – თქვა დემოკრატმა კონგრესმენმა ჯოშ გოტჰაიმერმა. 

ბიუჯეტიდან რკინის გუმბათის დაფინანსების ამოღების შემდეგ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაფიდი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერს, სტენი ჰოიერს ესაუბრა. ჰოიერი ლაფიდს დაპირდა, რომ მომდევნო კვირაში ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის $1 მილიარდით დაფინანსებასთან დაკავშირებით კენჭისყრა ცალკე ჩატარდება.

რკინის გუმბათი ისრაელის საჰაერო თავდაცვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემაა. ამ წლის მაისში, როდესაც 11-დღიანი კონფლიქტის დროს, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით პალესტინურმა დაჯგუფებებმა 4 300-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, დასახლებული პუნქტებისკენ მიმავალი რაკეტების 90% სწორედ ამ სისტემამ უვნებელყო.

კომენტარები