ეკონომიკა

MOODY’S-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა – რას ნიშნავს ეს?

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა და მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა. 

გასულ წელს ეკონომიკის 6.2%-იანი შემცირების შემდეგ, Moody’s-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზრდება. მომდევნო წლებში კი 4-5%-იანი ზრდის ტემპია ნავარაუდები. 

Moody’s-ის შეფასებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური უთანხმოება საფრთხეს უქმნის ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს და მთავრობის მიერ ე.წ. შარლ მიშელის [19 აპრილის] შეთანხმების ანულირება ნეგატიურ მოვლენას წარმოადგენს. 

"უკანასკნელ პერიოდში დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულ იქნა. აღნიშნულმა მოვლენამ, ასევე, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს საქართველოსა მის მხარდამჭერ საერთაშორისო ინსტიტუტებთან არსებულ ურთიერთობებზე". – წერია სააგენტოს ანგარიშში. 

Moody's რეიტინგი ქვეყნის საინვესტიციო და საკრედიტო რისკებს ასახავს, მაგალითად, თუ ქვეყნის რეიტინგია Aaa, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სამართლებრივად და პოლიტიკურად სტაბილური გარემოა და ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, რისკი ნულს უახლოვდება. 

იმ შემთხვევაში, თუ  ქვეყნის რეიტინგი Ca ან C-ა, მაშინ იქ ინვესტირება მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული. საქართველოს რეიტინგი, რომელიც Ba2-ა, არასასურველ კატეგორიაშია, ანუ Moody's ექსპერტები ქვეყანაში ინვესტირებას საკმაოდ სარისკოდ აფასებენ.

აღსანიშნავია, რომ Ba2 რეიტინგი საქართველოს 2017 წელს მიენიჭა და უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში მისი გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. 


საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა Fitch-მაც. 

აღსანიშნავია, რომ ეკონომისტთა ნაწილი BB რეიტინგს არასასურველად მიიჩნევს, საქართველო კი 2014 წლიდან მოყოლებული სტაგნაციას განიცდის და BB რეიტინგს ვერ სცდება. 

შედარებისთვის, მეზობელ სახელმწიფოებს უკეთესი რეიტინგი აქვთ, კერძოდ, რუსეთს [BBB] და აზერბაიჯანს [BB+]. 

მიუხედავად იმისა, რომ წელს Fitch-ის რეიტინგი არსებითად არ შეცვლილა და არ გაუმჯობესებულა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა თქვა, რომ ქვეყანა დასახულ მიზანს უახლოვდება და სულ ორი საფეხურიღა დარჩა. 

"ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანას მიენიჭოს საინვესტიციო რეიტინგი, რომლის მიღებამდე ქვეყანას დარჩა ორი საფეხური და რომლის მიღწევაც განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადაიყვანს ქვეყანას". 

საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის საინვესტიციო რისკებს აღწერს. მაგალითად, თუ ქვეყნის რეიტინგი AA-ია, იგულისხმება, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო სტაბილურია და ამ ქვეყანაში ინვესტირება თითქმის ურისკოა. მეორე მხრივ, თუ ქვეყანას CC რეიტინგი აქვს, ინვესტორებისთვის ეს არასტაბილური გარემოს ინდიკატორია, სადაც ჩადებული ინვესტიციის დაცვის გარანტიები არ არსებობს.

კომენტარები