მარნეული

შსს: დავაკავეთ 3 პირი – მათ მოქალაქე გაკოჭეს, მძიმე საგანი მოაბეს და არხში გადააგდეს

Tabula

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მარნეულში განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა, მათ შორის ორი წარსულში ნასამართლევია. [1992 წელს დაბადებული ო.ტ., 1986 წელს დაბადებული ო.გ. და 1981 წელს დაბადებული ს.ა.]

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-მ და ო.გ.-მ 18 სექტემბერს, მარნეულში შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1993 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს ძალადობის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. შემდეგ, ბრალდებულებმა გაკოჭილი ჯ.ჩ. მარნეულის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

შსს-ში განმარტავენ, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ხოლო ს.ა. – სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

ო.ტ-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით, ხოლო ს.ა.-ს მიერ ჩადენილი ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები