ვაქცინაცია

გაბუნია: ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში შემცირდა, რაც ძალიან საგანგაშოა

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, რაც მისივე შეფასებით – საგანგაშოა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"გუშინ, 24 საათის განამვლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა იმის დრო, რომ წასულიყო ვაქცინაციისთვის, ასე არ მოხდა. 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს იმას, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის პროგრამის კიდევ მეტად სტიმულირება, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებით, ოჯახის ექიმების უფრო მეტად ჩართულობით, თუ რაიმე სხვა გზით იმისთვის, რომ მაქსიმალურად გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამაში მოცვა". – ამბობს თამარ გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინაციაზე აქტივობის შემცირების მიუხედავად, არ იგეგმება, რომ აცრა გახდეს სავალდებულო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გუშინ, 19 სექტემბერს, აიცრა 7 720 ადამიანი. 20 სექტემბრის დილის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 655 040 აცრა – ერთი დოზით ვაქცინირებულია 947 477 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 33.2%) ხოლო, სრულად ვაქცინირებულია 707 563 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 24.8%).

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალურად 595 926 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან  563 530 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  8 575 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები