პუტინის რუსეთი

10 ფილმი პუტინის რუსეთის შესახებ

პუტინის რუსეთი

10 ფილმი პუტინის რუსეთის შესახებ

ორი საუკუნის წინ ნიკოლაი ნეკრასოვმა თავის პოემაში დასვა კითხვა, რომელიც მომავალში კიდევ ბევრჯერ გააჟღერა რუსმა საზოგადოებამ - ვის ულხინს რუსეთში? პასუხი 21-ე საუკუნეშიც იგივეა - არავის. ქვემოთ მოყვანილ ათეულში მოხვედრილი ფილმები მაქსიმალურად ასახავს სხვადასხვა სოციალური და კულტურული წრის ადამიანების ცხოვრებას დღევანდელ რუსეთში, ქვეყანაში, რომელსაც 21 წელია იმპერატორი მართავს. 

წარმოგიდგენთ ათ ფილმს იმ განუკითხაობის, სიბნელისა და უიმედობის შესახებ, რომელსაც პუტინის რუსეთი ჰქვია. 

ლევიათანი/Левиафан

21-ე საუკუნის რუსული კინოს ყველაზე დიდი და ტიტულოსანი ფილმი. ანდრეი ზვიაგინცევის სურათს კანის კინოფესტივალის ჯილდო, ოქროს გლობუსი და ოსკარის ნომინაცია სრულებით დამსახურებულად აქვს მოპოვებული. უძლეველმა ბიბლიურმა ურჩხულმა ჩვენ დროში სახე იცვალა. თანამედროვე ლევიათანს ხან კოსტიუმი აცვია და ხანაც ანაფორა, ის ორი უძლიერესი ინსტიტუტის, სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესებს იცავს. მთავარი გმირი სერგეი უპირისპირდება გველეშაპს, მაგრამ ის სუსტია, რადგან არ იცის სიყვარული და არ აქვს რწმენა. ზვიაგინცევი სისტემასთან ერთად აკრიტიკებს დეგრადირებულ საზოგადოებას, რომელიც ბელადის გარეშე ცხოვრებას ვერ ეგუება და მხოლოდ ცხოველური ვნებების დაკმაყოფილება უდგას დღის წესრიგში. 

კონფერენცია/Конференция

ივან ტვერდოვსკის ფილმის გმირები არიან ყოფილი მძევლები, რომლებიც ნორდ-ოსტის ტერაქტს გადაურჩნენ. წარუმატებელი სპეცოპერაციიდან მხოლოდ 17 წელია გასულია, მიუხედავად ამისა სახელმწიფო მაქსიმალურად დისტანცირებულია მოსკოვში დატრიალებული უდიდესი ტრაგედიისგან. ნორდ-ოსტი, ბესლანი, კურსკის ჩაძირვა - ეს მოვლენები სხვა რუსეთში მოხდა, იმ ქვეყანაში სადაც ბელადი ჯერ კიდევ უშვებდა შეცდომებს, ამიტომ ამ ამბების გახსენება დღეს უადგილოა. აღნიშნულ ტერაქტებსა და უბედურ შემთხვევებზე ძალიან ცოტა დოკუმენტური თუ მხატვრული რუსული ფილმი არსებობს. ახალ რუსეთში დიდი ეკრანები მხოლოდ გამარჯვებებისადმი მიძღვნილ სურათებს ეთმობა, იქნება ეს მეორე მსოფლიო ომი, ოლიმპიური თამაშები თუ ჰოკეი. კონფერენცია ყველასგან მიტოვებული, შიშთან მარტოდმარტო დატოვებული ადამიანების ისტორიაა. 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩეჩნეთში/Welcome To Chechnya

HBO-ს დოკუმენტურ სურათს მრავალმა კრიტიკოსმა ჰორორი უწოდა. მართლაც რთულია იმის დაჯერება, რომ შენს მეზობლად არსებობს საკონცენტრაციო ბანაკები, რომლებშიც უდანაშაულო ადამიანები საკუთარი სექსუალური პრეფერენციების გამო ხვდებიან. ზოგს ნაკლებად “უმართლებს” და მათ ლინჩის წესით პირდაპირ ქუჩებში კლავენ. ჩეჩნეთი რომ მონაკოს სამეფო არ არის აქამდეც ყველამ ვიცოდით, თუმცა რასაც Welcome To Chechnya-ში იხილავთ ყველა თქვენს წარმოდგენაზე გაცილებით უარესია. ფილმის ავტორები სისხლიანი ჟლეტის მთავარ ორგანიზატორად და წამქეზებლად ვლადიმერ პუტინის მარიონეტს, რესპუბლიკის მეთაურს, რამზან კადიროვს მიიჩნევენ. Welcome To Chechnya რუსეთის LGBT აქტივისტების დახმარებითა და ჩართულობით არის გადაღებული, რომლებმაც სიკვდილისგან და ტყვეობისგან 151 ადამიანი იხსნეს. 

მაიორი/Майор

2011 წელს პრეზიდენტ მედვედევის გადაწყვეტილებით რუსეთის მილიცია პოლიცია გახდა. რეფორმა ისეთივე სიმბოლურ ხასიათს ატარებდა, როგორიც მაგალითად ეროვნული ჰიმნის ტექსტის ცვლილება ან თავად მედვედევის პრეზიდენტობა. მაიორი ხსენებული რეფორმიდან ორ წელიწადში გამოვიდა. ფილმი მაყურებელს ნათლად უჩვენებს, რომ სამართალდამცავ სისტემაში არაფერი შეცვლილა. აღმოჩნდა, რომ პოლიცია მილიციის კორუფციულ ტრადიციებს ინარჩუნებს, მასთან დაპირისპირება რიგითი მოქალაქისთვის კი კვლავ სასიკვდილოდ საშიშია. ახალი მაიორები და პოლკოვნიკები ჯიპებზე შემომჯდარი, სასახლეებში მაცხოვრებელი მაფიოზები არიან. მაფიის მსგავსად, აქაც მოქმედებს დუმილის კანონი - გენინსპექციასთან თანამშრომლობა სიკვდილით ისჯება, საქმეები არ იხსნება, საქმეები “გვარდება”, ნებისმიერ პრობლემაზე პასუხი კი, მილიციის ნესტიან იზოლატორებში დაბადებული, დაკითხვის ოთახებში დაღვრილი სისხლით გამოკვებილი ძალადობაა. 

ბრიყვი/Дурак

მაიორის შემდეგ გადაღებული ბრიყვი ბიკოვის კარიერის მწვერვალია. ფილმის მოქმედება გაუბედურებული, გაბოროტებული ბინადრებით დასახლებულ საცხოვრებელში ვითარდება, რომელიც გადატანით მნიშვნელობით დღევანდელი რუსეთია - ავარიული, წყალშემდგარი შენობა სადაცაა მაცხოვრებლებს თავზე დაემხობა, თუმცა ისინი მაინც უდარდელად აგრძელებენ ცხოვრებას. პრობლემის გადაჭრას სახელმწიფოს ფულის ფლანგვით გართული, სკამზე ჩაბღაუჭებული, გიგანტური კორუფციული მანქანის ჭანჭიკები - ადგილობრივი თვითმმართველობის ჩინოვნიკები ცდილობენ. ამ ჭაობში ერთადერთი ნათელი ადამიანი სანტექნიკოსი დიმა ნიკიტინია, მის პატიოსნებასა და გულისხმიერებას ყველანი, საკუთარი ოჯახის წევრებიც კი სიბრიყვედ მიიჩნევენ. ფინალში ვიქტორ ცოი მომაჯადოებელი ხმით მშვიდობიან ღამეს უსურვებს მძინარე რუსეთს, რომელიც გაღვიძებას ჯერ კიდევ დიდხანს არ აპირებს. ბიკოვმა ფილმი ალექსეი ბალაბანოვის ხსოვნას მიუძღვნა, არ არის გასაკვირი რომ სულელს მომენტებში ტვირთი 200-ის ატმოსფერო გასდევს.   

პუტინის კოცნა/Putin’s Kiss

დანიური დოკუმენტური ფილმის ფოკუსში პროპუტინისტური ახალგაზრდული ორგანიზაცია НАШИ(ჩვენები) მოხვდა. კრემლიდან მართული ანტიდასავლური, ფსევდოპატრიოტულ იდეებზე დაფუძნებული მოძრაობა ხელისუფლების ხელში ბასრი იარაღია პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ჩვენების წევრებს ევალებათ ოპოზიციური მიტინგების ჩაშლა კონტრაქციებით, ოპოზიციური ლიდერების გაშავება, ჟურნალისტებზე და ბლოგერებზე თავდასხმა, წელიწადში ერთხელ ნაჩქარევად გამოგონილ, ეროვნული ერთობის დღესასწაულზე შეკრება და რუსული მარშის ჩატარება. ორგანიზაცია 2013 წელს დაიშალა, თუმცა ქართველი მაყურებლისთვის ლიზ ბირკ პედერსენის ნამუშევრის ხილვა 2021 წელს განსაკუთრებით საინტერესოა, ჩვენი ორკები ხომ ერთი ერთში იმეორებენ თავიანთი ჩრდილოელი წინამორბედების გზას.

უბრალო ფანქარი/Простой карандаш

ნატალია ნაზაროვას ფილმის სიუჟეტი რუსეთის ჩრდილოეთში, პატარა დასახლებაში ვითარდება. მთავარი გმირი სკოლის ახალი მასწავლებელი, პეტერბურგელი მხატვარი ანტონინაა. ჩამოსული ქალი საქმეს ენთუზიაზმით ეკიდება, თუმცა ბავშვების ცხოვრებაში ერთადერთი სინათლის სხივის დახშობას ადგილობრივი კრიმინალები წარმატებით ახერხებენ. უბრალო ფანქარი იმ დისტანციას უსვამს ხაზს, რომელიც ცენტრსა და პროვინციას შორის საუკუნეების განმავლობაში იზრდება, ინტერნეტისა და ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად დღევანდელი ჩრდილოეთი სოციალურად, მენტალურად და კულტურულად ისევ ისეა დაშორებული დიდ ქალაქებს, როგორც მე-19 საუკუნეში. იგივე მანძილით არის დაშორებული საკუთარ ხალხს იდეალისტი ინტელექტუალი ანტონინაც.

ალექსეი ნავალნის ფილმები

რუსეთის მთავარ ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, სახელმწიფოს კორუმპირებული მეთაურების ქონების შესახებ ორი დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული: ის დიმონი არ არის (Он вам не Димон) და სასახლე პუტინისთვის (Дворец для Путина). პირველში მედვედევის ქონებაზეა საუბარი, ერთი შეხედვით უბრალო, პუტინის ავატარად მომუშავე პოლიტიკოსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის ერთ-ერთია. გამოძიებასთან აქტიურად თავად მედვედევი თანამშრომლობს - სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოების დახმარებით ნავალნის გუნდი ყოფილი პრეზიდენტის მფლობელობაში არსებული კოლოსალური ქონების კვალზე გადის, რომელიც რუსეთის სხვადასხვა წერტილშია მიმოფანტული. მეორე ფილმი კონცენტრირდება დიმონის უფროსის, ვლადიმერ პუტინის სასახლეზე - იმპერატორის ამბიციურობითა და მასშტაბებით აშენებულ მართლმადიდებლურ თაჯ-მაჰალზე, რომელიც მოქმედი ცარის ამბიციური და ამავე დროს დაკომპლექსებული არსის პირდაპირი სუბლიმაციაა. 

აიკა/Айка

მოსკოვი ინტერნაციონალური ქალაქია, მაგრამ ზოგიერთი ნაციები მასში სხვებზე უარესად ცხოვრობენ. შუა აზიის ქვეყნებიდან ჩამოსულ ემიგრანტებს, ადგილობრივები გასტარბაიტერებს ეძახიან, გასტარბაიტერი გერმანულ ენაზე სამუშაოდ ჩამოსულს ნიშნავს, დღევანდელ რუსულში გასტარბაიტერი მონის სინონიმია. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ დედაქალაქში ამჟამად მილიონზე მეტი მიგრანტი არსებობს(დიახ, არ ცხოვრობს, არსებობს), ერთ-ერთი მათგანია სერგეი დვერცოვის ფილმის გმირი აიკა, ყირგიზი ახალგაზრდა ქალი, რომელიც დიდ ქალაქში თავის გადასარჩენად მზად არის დათმოს ჯანმრთელობა, ღირსება, საკუთარი სისხლი და ხორციც კი. სურათის მთავარი ღირსება სამალ ესლიამოვას ძლიერი პერფორმანსია, რომელმაც მსახიობს კანის კინოფესტივალის ჯილდო მოუტანა.

ყველა მოკვდება ჩემ გარდა/Все умрут, а я останусь

ვალერია გაი გერმანიკას თინეიჯერული დრამის მთავარი გმირი სამი უფროსკლასელია, რომლებიც სკოლის დისკოთეკისთვის ემზადებიან. ხანმოკლე მეგობრობის ისტორია პროვინციული რუსული საშუალო სკოლის მწვანე კედლების ფონზე და საბჭოთა კორპუსების მოცუცქნულ ბინებში ვითარდება. ნაადრევად გაზრდილ ბავშვებს საკლასო ოთახებში გაკვეთილებს ცინიკოსი პედაგოგები უტარებენ, სახლში კი მოძალადე მშობლები ელოდებიან. ფილმში ორჯერ ჟღერს ჯგუფ Звери-ს სიმღერა Районы, кварталы (რაიონები, კვარტლები), მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ცენტრალური უბნების მიღმა, რაიონებსა და კვარტლებში ასეთია ცხოვრება - სიყვარულის, მეგობრობისა და მომავლის გარეშე.  

 

კომენტარები