არჩევნები 2021

სიმონიშვილი: "სამართლებრივი ნონსენსია", რომ საიას სარჩელმა საფრთხე შეუქმნას ამ არჩევნებს

საიას თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი, ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს FACEBOOK-ზე ეხმაურება, რომელმაც თქვა რომ ორგანიზაციას პოლიტიკური მოტივები აქვს და ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ემსახურება, რადგან არჩევნებამდე 2 კვირით ადრე საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა. 

სიმონიშვილი წერს, რომ საიას სარჩელის ერთადერთი მიზანი ისაა, რომ ყველა მოქალაქის ხმას თანაბარი წონა ჰქონდეს. მისივე თქმით, "დასკვნებს გამოიტანენ მმართველ გუნდში, ჯობს ჯერ სარჩელს გაეცნონ და შემდეგ გააკეთონ შეფასებები".

"ბატონი კობახიძის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, "სამართლებრივი ნონსენსია" ის, რომ ჩვენმა სარჩელმა რაიმე ფორმით საფრთხე შეუქმნას ამ არჩევნებს და სანამ ასეთ დასკვნებს გამოიტანენ მმართველ გუნდში, ჯობს ჯერ სარჩელს გაეცნონ და შემდეგ გააკეთონ შეფასებები.

ხაზს გავუსვამ იმ გარემოებასაც, რომ ჩვენ არც გვაქვს უფლება, არჩევნების არაკონსტიტუციურობაზე ვიდაოთ ან რამენაირად გავლენა მოვახდინოთ მის შედეგებზე და ამას თუ სპეციალური სუბიექტი კანონით დადგენილი წესით გააკეთებს, ამაზეც არ ექნება გავლენა ჩვენ სარჩელს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს ძველი გადაწყვეტილების შესაბამისად მოუწევს ისევ მსჯელობა.

ჩვენი სარჩელის ერთადერთი მიზანი ისაა, რომ ყველა მოქალაქის ხმას თანაბარი წონა ჰქონდეს და არ გახდეს პოლიტიკური შეთანხმებების საგანი".- წერს სიმონიშვილი. 

ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში საიას სარჩელს ბრიფინგი მიუძღვნა და აღნიშნა, რომ საია ნაციონალური მოძრაობასთან დაკავშირებული ორგანიზაციაა. მისივე თქმით, არეულობის სცენარის ხელშემწყობი ამგვარი ქმედებები კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების უნდობლობას NGO-ების მიმართ და მათ ნებისმიერ სიტყვას უკარგავს ფასს.

"შემაშფოთებელია, რომ ის, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 5 წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება. შემაშფოთებელია, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ახალი აბსურდული სარჩელით არჩევნებისთვის პრობლემის შექმნას გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს.

როდესაც სამი თვის წინ, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ კანონზე არც კანონის მიღების პროცესში და არც მისი მიღებიდან სამი თვის განმავლობაში არაფერს ამბობ და შემდეგ ამ კანონს ყველაზე აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აპროტესტებ, ეს ფაქტი სარჩელის უკან მდგარ უაღრესად მანკიერ პოლიტიკურ მოტივზე ბუნებრივია, თავისთავად მეტყველებს.

სარჩელის აბსურდულობაზე დღეს დიდხანს არ ვისაუბრებ. მუნიციპალური საარჩევნო სისტემის ეჭვქვეშ დაყენება იმ საბაბით, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები ზედმიწევნით გათანაბრებული არ არის, სრული ნონსენსია. ამაში დასარწმუნებლად დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის ზედაპირული გაცნობაც კი იქნებოდა საკმარისი. თუმცა, როგორც ჩანს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ პრაქტიკით ვერ, ან რაც უფრო სავარაუდოა, არ დაინტერესდა".- თქვა კობახიძემ. 

 

კომენტარები