არჩევნები 2021

ხაზარაძე: მოვუწოდებ კომპანიას, სასწრაფოდ ჩამოხსნან ძალადობრივი ხასიათის ბანერები

პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს სარეკლამო კომპანია ალმას, ჩამოხსნან ძალადობრივი ხასიათის ბანერები, რომლებზეც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიის მენეჯერები არიან გამოსახული. ხაზარაძე წერს, რომ კომპანია ალმა 1994 წელს TBC ჯგუფთან ერთად დაარსდა, თუმცა მრავალი წლის წინ ისინი ამ ბიზნესიდან გამოვიდნენ.

"სარეკლამო კომპანია "ალმა თბს" 1994 წელს დავაარსეთ ბერძნულ კომპანიასთან ერთად. ალბათ გახსოვთ ჩაბნელებულ ქალაქში პირველი განათებული ავტობუსის გაჩერებები, თანამედროვე სარეკლამო დაფები, ბილბორდები და სხვა. ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ ბანერებსა და ბილბორდებზე ბიზნესისა და ქვეყნის წარმატებისა და პროგრესის მაჩვენებელი მასალა გასულიყო. მრავალი წლის წინ "თბს ჯგუფი" გამოვიდა ამ ბიზნესიდან.

დღეს ამ სარეკლამო დაფებზე ძალადობრივი და სისხლიანი სურათებია, ეს მიუღებელია! მოვუწოდებ კომპანიის მფლობელებს სასწრაფოდ ჩამოხსნან სიძულვილის ენისა და ძალადობრივი ხასიათის შემცველი ბანერები! ამას ჩვენი შვილები უყურებენ. ნუ შევაჩვევთ მათ სიძულვილის ენას, ნუ გადავაქცევთ ამ არჩევნებს კიდევ უფრო დიდი დაძაბულობისა და დაპირისპირების კერად..." – წერს ხაზარაძე.

17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!" ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ხელისუფლებამ ისინი ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა. 

მსგავსი შინაარსის ჰომოფობიური პლაკატები თბილისში ივლისშიც გამოაკრეს

კომენტარები