არჩევნები 2021

კობახიძე ბანერებზე: როგორც ჩანს, მადლიერი ხალხის საჩუქარია ოპოზიციისთვის

"როგორც ჩანს, მადლიერი ხალხის საჩუქარია ოპოზიციისთვის". - ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თბილისში გაკრულ ბანერებს, რომლებზეც ოპოზიციის წევრები და კრიტიკული მედიის მენეჯერები არიან გამოსახული.  

"ყველას აქვს ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ესა თუ ის გამოხატვის ფორმა, ვიღაცას, შეიძლება, არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არის გამოხატვის თავისუფლება. როგორც ჩანს, ეს არის მადლიერი ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის მანძილზე გამოირჩეოდა უსასტიკესი მეთოდებით. 

რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამოხატვის ფორმა, რომელიც შეიცავს ასეთ ნიშნებს, ბუნებრივია, ხელს უწყობს პოლარიზაციას, მაგრამ მთავარი პოლარიზატორები, თქვენც ძალიან კარგად იცით, ვინ არიან - რადიკალური ოპოზიცია 3 კუთვნილი პარტიული ტელევიზიით". - ამბობს ის.  

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას ბანერებზე რეაგირება არ ექნება, რადგან, მისივე სიტყვებით, გამოხატვის უფლება ყველას აქვს. ის ამტკიცებს, რომ ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს.  

17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!" ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ხელისუფლებამ ისინი ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა. 

მსგავსი შინაარსის ჰომოფობიური პლაკატები თბილისში ივლისშიც გამოაკრეს

კომენტარები