არჩევნები 2021

ბოკერია სუს-ზე: სურთ ძალაუფლების შენარჩუნება საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის გზით

"ყოველდღე მეც კი ახალი განცვიფრება მაქვს, რა სწრაფად იზრდება ის საფრთხე და ზიანი, რომელსაც ეს ხელისუფლება უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს, საფრთხეს უქმნის ჩვენს შანსს, რომ შემდეგი ათწლეულები წინ წავიწიოთ და გავხდეთ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა". - ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატის, ვახტანგ კალოიანის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენისას თქვა.

ის 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებსაც გამოეხმაურა, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს და თქვა, რომ ეს არის ხელისუფლების გზა, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დააწესოს ტოტალური კონტროლი საზოგადოების ყველა შრეზე. 

"ჩვენ ვნახეთ, რომ უსაფრთხოების სამსახური იმის ნაცვლად, რომ ებრძოდეს გარე მტერს, იცავდეს ქვეყნის შიგნით მოქალაქეებს კრიმინალისგან, კორუფციისგან, ერთადერთ რამეზეა ორიენტირებული, ძალაუფლების შენარჩუნება ტოტალური კონტროლით საზოგადოების ყველა შრეზე.  ის ვინც საფრთხეა გარეთ ჩვენი ქვეყნისთვის მათი მოკავშირეა.

 საარჩევნო მანქანა აქვთ აწყობილი იმაზე, რომ ხალხის მიერ შრომით გადახდილი გადასახადების  ხარჯზე საკუთარი პარტიული პოლიტიკური ნეპოტები დაასაქმონ და მერე არჩევნებზე გამოიყენონ. ეს მოდელი შემოგვთავაზა ივანიშვილმა, რომელიც შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის მომავალთან". - ამბობს ბოკერია. 

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები